საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და დაკავებას, შემდგომ კი ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას, საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ რუსული მხარის განცხადებები საქართველოს მოქალაქისთვის ბრალის დამძიმებას ემსახურება, რასაც ქართული მხრიდან დროულად და ეფექტიანად უნდა გაეცეს პასუხი:
"ეს არის ძალიან სახიფათო მცდელობა იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩვენი მოქალაქის მიმართ გარკვეულწილად დამძიმდეს საქმე. მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე პასუხი ქართულმა მხარემ დროულად უნდა გასცეს და გვითხრან რამდენად იყო შესაძლებელი, რომ მისი კუთვნილი გაფორმებული იარაღიდან გახელაძეს ესროლა იმდენი ტყვია, რამდენსაც ასახელებს საოკუპაციო რეჟიმი და დე ფაქტო ხელისუფლება," - აცხადებს ნინო ლომჯარია.
შეგახსენებთ, რუსეთმა საქართველო პროვოკაციაში დაადანაშაულა. ოფიციალური მოსკოვი საქართველოს მოქალაქეების მიერ ე.წ. გამყოფი ხაზის გადაკვეთის ფაქტებზე წერს და თბილისს პოლიტიკური სპექტაკლის მოწყობაში ადანაშაულებს. რუსული მხარე საქართველოსადმი მხარდამჭერი განცხადებების გამო ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აკრიტიკებს.
ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყება საქართველოს ხელისუფლებას პროვოკაციული ქმედებების შეწყვეტისა და ოფიციალურ მოსკოვთან, ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან არსებული დიალოგის ფორმატების გამოყენებისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, ხვიჩა მღებრიშვილი რუსული ოკუპაციის მსხვერპლი 3 ივლისს, ხოლო ზაზა გახელაძე 10 ივლისს გახდა. ზაზა გახელაძე დაკავების დროს დაიჭრა კიდეც, თუმცა მას საოკუპაციო რეჟიმი შეირაღებული წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებს. უკანონო პატიმრობაში მყოფები ოკუპირებული ცხინვალის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.