18 ნოემბერი 2024,   01:50
ვრცლად
მმართველი გუნდის შეფასებით, დენდროლოგიური პარკი არის პასუხი მრავალწლიან ცილისწამებაზე და ტალახის სროლაზე

მმართველი გუნდის შეფასებით, დენდროლოგიური პარკი ეს არის პასუხი მრავალწლიან ცილისწამებაზე და ასევე, უმრავლესობაში ამბობენ, რომ ეს პარკი არის თავისი მნიშვნელობით უნიკალური, რომელიც მნიშვნელოვანია ერთის მხრივ, ტურისტული თვალსაზრისით და ასევე, მეცნიერული მიმართულებითაც.

"საქართველოსთვის, საერთოდ ქვეყნისთვის, სამშობლოსთვის, რამე ასეთ გლობალურ პროექტს როცა აკეთებ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, არა მხოლოდ დენდროლოგიური პარკი, საუკეთესო პასუხია იმ ტალახის სროლაზე, რასაც სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოება ყოველ დღე ადევნებს თვალ-ყურს. ასე რომ, ამასთან დაკავშირებით მეტი არაფერი გვეთქმის. ბევრია გაკეთებული და დამერწმუნეთ, კიდევ უფრო მეტი გაკეთდება და ძალიან ბევრი პროექტი დაიწყებს მოქმედებას უახლოეს პერიოდში," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ დენდროლოგიური პარკი არა მარტო რეგიონში, არამედ, შესაძლოა, მსოფლიოშიც კი უნიკალური პარკია.

"დენდროლოგიური პარკი, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის პასუხი იმ 3 წლიან აბსოლუტურად ტყუილზე აღმოცენებულ პიარ კამპანიაზე, რომელიც დაიწყო რაღაც ხეების გადატანით და ათასი ჭორი, სისულელე და ცილისწამება ვრცელდებოდა კონკრეტულად ამ ადამიანის წინააღმდეგ და პასუხი გაეცა მის მიერ ერთი კონკრეტული მოქმედებით, რასაც ჰქვია რეგიონში და შეიძლება მსოფლიოშიც კი უნიკალური დენდროლოგიური პარკის გახსნა," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

როგორც პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - მწვანეების" თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე ამბობს, დენდროლოგიური პარკი არის ხეების კოლექცია, რომელშიც არა მარტო საქართველოდან, მსოფლიოდან ჩამოტანილი ხეები შედის. მისივე თქმით, დენდროლოგიური პარკის შექმნა ქვეყნისთვის უდიდესი საქმე იყო არა მარტო ეკოლოგიური, არამედ ტურიზმისა და სამეცნიერო თვალსაზრისითაც.

"ეს არის ხეების კოლექცია, რომელიც არა მარტო საქართველოდან, არამედ მთელი მსოფლიოდან არის. ეს არის ბიომრავალფეროვნების მუზეუმი, ამიტომ ამის შექმნა უდიდესი საქმე იყო საქართველოს არა მარტო ეკოლოგიური თვალსაზრისით, არამედ წმინდა აღმზრდელობითი, ტურიზმისა და ასე და ასე შემდეგ, სხვათა შორის სამეცნიერო თვალსაზრისითაც. მთელი პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ჩართული იყო ამის წინააღმდეგ, იმ ხეების გადმოტანის წინააღმდეგ კი არ იყვნენ ეს ხალხი ჩართულნი, არამედ მათ არ უნდოდათ, რომ შექმნილიყო უნიკალური ასეთი ობიექტი საქართველოში," - განმარტა გიორგი გაჩეჩილაძემ.

დღის ამბები