რა გავლენას იქონიებს საქართველოზე მეზობელ ქვეყნებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირება, ამის შესახებ სფეროს ექსპერტებმა "დღის კურიერში" ისაუბრეს. კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ კონფლიქტი უახლოეს დღეებში არ დასრულდება, რადგან აზერბაიჯანმა მაღალი რანგის სამხედროები დაკარგა და ეს საკითხი გარკვეულწილად საკუთარი მოსახლეობის წინაშეც პრესტიჟის და პრინციპის საქმედ ექცა.
მამუკა არეშიძემ 90-იანი წლები გაიხსენა და განაცხადა, რომ მაშინდელი კონფლიქტის დროს საქართველომ მეზობელი ქვეყნების დაპირისპირების გამო მიიღო როგორც ჰუმანიტარული დარტყმა ლტოლვილების სახით, ასევე დარტყმა ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკაზეც. მამუკა არეშიძემ მოსალოდნელ შესაძლო გართულებებზეც 90-იანი წლების მაგალითზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პრობლემების სამიზნე ენერგოკორიდორები და საქართველოს ტერიტორიაზე მაცხოვრებელი შესაბამისი ეთნიკური ჯგუფები შეიძლება გახდნენ:
"მაშინ არ იყო ტერმინი საინვესტიციო გარემო, ახლა საინვესტიციო გარემოზე იქნება უძლიერესი დარტყმა, თუ ეს მასშტაბი მიეცა. გარდა მაგისა, მაშინაც იყო მცდელობა, რომ ხელი შეეშალათ ერთმანეთისთვის ენერგოკორიდორებთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე. ახლა არის ენერგოკორიდორები აზერბაიჯანიდან ევროპაში და რუსეთიდან სომხეთში, დარწმუნებული იყავით, რომ ორივე მხარე შეეცდება ეს ენერგოკორიდორები გაწყვიტოს წელში საქართველოს ტერიტორიაზე. გარდა ამისა, არის საქართველოს ტერიტორიაზე მაცხოვრებელი შესაბამისი ეთნიკური ჯგუფები, სადაც მუშაობა მიმდინარეობს,"- განაცხადა არეშიძემ.
"საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის" დირექტორი გიორგი გოგუაძე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ფართომასშტაბიან კონფლიქტს გამორიცხავს და ფიქრობს, რომ სიტუაცია დეესკალაციისკენ წავა, თუმცა ამბობს, რომ სცენარის სხვაგვარად განვითარების შემთხვევაში, ვინც არ უნდა იყოს გამარჯვებული, საქართველო შესაძლოა კრიტიკულად დაზიანდეს.
"დავამატებ სამხედრო კომპონენტსაც, თუ მესამე აქტორები გადაწყვეტენ საკუთარი მოკავშირეების დახმარებას მარტივია რუკას დავხედოთ და ვნახოთ, რა შეიძლება ჩვენზე იყოს ზიანი. იგივე მოთხოვნა საჰაერო სივრცის გამოყენებაზე, სახმელეთო კორიდორის. ნეიტრალური დამკვირვებლის სტატუსში ძალიან რთულია დავრჩეთ. დიდი პოლიტიკური და დიპლომატიური მანევრის შესაძლებლობას ვერ ვხედავ და მაქსიმალურად ჩვენი პოზიციონირება უნდა იყოს დეესკალაციისკენ. ჩვენ უნდა გამოვდიოდეთ იმ პრიზმიდან, რომ ეს კონფლიქტიც, ჩვენი კონფლიქტიც, რომელშიც რუსეთი არის მთავარი მხარე, დაახლოებით მსგავსი სურათისკენ მივყავართ. ვერ ვიზიარებ იმას, რომ ეს კონფლიქტი არის რაიმე სახით შესაძლებლობა, ეს არის ძალიან დიდი კრიტიკული რისკი ჩვენი ქვეყნისთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გარკვეული ბუნდოვანებებია ჩვენი და სომხეთის, ჩვენი და აზერბაიჯანის საზღვრებთან დაკავშირებით.. ბევრი რამე ამძიმებს უსაფრთხოების გარემოს და ჩვენ არ ვართ სეირის მაყურებლები და არაა ათასობით კილომეტრით დაშორებული ჩვენგან," - განაცხადა გიორგი გოგუაძემ.