18 ნოემბერი 2024,   01:42
ვრცლად
ოკუპანტების გატაცებული მოქალაქის ღამურებთან და ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებას  პოლიტიკოსები აბსურდულს უწოდებენ

საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის ღამურებთან და ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებას აბსურდულ ბრალდებას უწოდებენ ოპოზიციაში. თუმცა აცხადებენ, რომ მსგავს აბსურდს საკუთარი აუდიტორია მაინც ჰყავს.

"არასერიოზულად არ უნდა მივუდგეთ იმიტომ რომ რუსეთი მუშაობს, პირველ რიგში, ასევე, საკუთარ მსმენელზე, მათთვის ასეთმა აბსურდულმა ბრალდებებმაც კი შეიძლება დატოვოს რაღაც კვალი, რომ მართლაც რაღაცა კონსპირაცია არსებობს ლუგარის ლაბორატორიასა და იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც ე.წ საზღვარი დაარღვიეს," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი.

"ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, რას უპირისპირებს ამ ყოველივეს საქართველოს ხელისუფლება.

"პრობლემა არის ის, საქართველო რას უპირისპირებს ამ ყველაფერს. იხდის თუ არა საერთაშორისო ასპარეზზე აგრესიული ქცევის გამო ფასს, დღესდღეობით არ იხდის. არაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ჩვენი საკითხი მოხვედრილიყო რესეთზე დაწესებულ სანქციებში," - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.

მმართველი გუნდის წევრი ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას საოკუპაციო რეჟიმთან დასათმობი არაფერი აქვს და დანაშაულებრივ ქმედებებთან კომპრომისი არ იქნება:

"ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენ არ გვაქვს დასათმობი საოკუპაციო რეჟიმთან არაფერი, მით უმეტეს როდესაც საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ჩვენ ტერიტორიაზე, შესაბამისად არანაირი კომპრომისი ამ დანაშაულებრივ ქმედებებთან არ გვ ექნება, ეს რომ კრემლის და საოკუპაციო რეჟიმის ინტერესებშია, რომ იერიში მიიტანონ ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციებზე ეს ფაქტია და ეს არის გაგრძელება მანამდე არსებული განცხადებებისა," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქის ჩვენება გამოაქვეყნა, სადაც ისინი ცდილობენ ხვიჩა მღებრიშვილს აღიარებინონ, რომ ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა, რომელიც თითქოსდა ამერიკელებისთვის უნდა მიეყიდა.  ვიდეოს თან ახლავს ტექსტიც სადაც საუბარია რომ ღამურების კვლევით ლუგარის ლაბორატორიაა დაინტერესებული.

დღის ამბები