"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის დაშლას გამორიცხავს და აცხადებს, რომ გაერთიანება ახალი სუბიექტების დამატებას ელოდება. მისი თქმით, გაერთიანებულ ოპოზიციას ასეთი შედეგი, რაც 2020 წელს ექნება, არასოდეს უჩვენებია.
"მე ვიცი, ეს ჭორები, რომელიც ცირკულირებს პრესაში და პოლიტიკასთან ახლო წრეებში, თითქოს ხან მე მივდივარ თავმჯდომარის პოსტიდან, ხან გაერთიანებული ოპოზიცია იშლება, ხან კვლევების მიხედვით "ნაციონალურ მოძრაობას" და მის მოკავშირეებს არავითარი შანსები აქვთ არჩევნებზე. პირველი, არსად არ მივდივარ მე, არ იშლება გაერთიანებული ოპოზიცია და პირიქით, მას ახალი სუბიექტები შემოემატებიან ძალიან მალე და მესამე, ასეთი შედეგი გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელიც გვექნება 2020 წელს, დიდი ხანია არ უჩვენებია,"-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
აღნიშნულ განცხადებამდე გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში ბრიფინგი გამართა და ქალაქში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრა.მისი თქმით, ქალაქი ინვესტიციის გარეშეა დარჩენილი.
"კატასტროფული ეკონომიკური მდგომარეობაა ქუთაისში, შემოსავლის წყაროდ შემორჩენილი ჰქონდა ტურიზმი, მაგრამ ეპიდემიის გამო შეჩერდა. ხელისუფლებას ერთი წუთი არ უფიქრია ამ ადამიანების კეთილდღეობაზე. 3500 სასტუმრო და ჰოსტელია და აქედან 500 მხოლოდ გახსნილი. ქალაქმა დაკარგა 90 მილიონის მოგება. იმისთვის რომ მივეხმაროთ, საჭიროა ტურისტული ზონის შექმნა და მიწის ნაკვეთების გადაცემა ადგილობრივი ინვესტორებისთვის, ამასთან, მოქმედი ობიექტები უნდა გათავისუფლდეს 2021 წლამდე გადასახადებისგან. ეპიდემიასთან გამკლავება კარგია, მაგრამ ეკონიმიკური კოლაფსის ფონზე, რას აკეთებს ეს ხელისუფლება? არც არაფერს და მიზეზი არის ის, რომ ოლიგარქიულ რეჟიმზე არის ჩამოკიდებული და არ აინტერესებს მოქალაქის ბედი. ქუთაისის მძიმე მდგომარეობა აისახება იმერეთზე და მთლიან საქართველოზე. ხელისუფლების შეცვლისა და ეკონომიკური რეფორმების გარეშე ვერაფერი გადაგვარჩენს,"-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.