საქართველოს პრეზიდენტმა, დიპლომატებთან შეხვდრის დროს, რუსულ აგრესიასა და უკანონოდ გატაცებული საქართველოს მოქალაქეების ბედზე ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილმა, რუსეთის სამიზნეზე - ლუგარის ლაბორატორიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მას ოკუპანტები პირდაპირ უტევენ.
"COVD ინფექციის მიუხედავად, სამწუხაროდ არსებობს ისეთი მოძრაობა, რომელმაც შესაძლოა ზოგად სტაბილურობაზე ზეგავლენა მოახდინოს. პირდაპირი შეტევაა ლუგარის ლაბორატორიაზე, რომელიც ამოსავალი წერტილი გახლავთ წარმატებისა ეპიდემიასთან გამკლავების კუთხით.
განახლებული დაძაბულობა ადმინისტრაციულ გამოყოფ ხაზთან, დაძაბულობის შემცირების, კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით, მოსმენილი და გაგონილი არ იყო. ბოლო 2 თვის განმავლობაში, თითქმის ყოველ დღე ახალი შემთხვევებია მძევლების აყვანის. ბორდერიზაცია გრძელდება. ნაწილობრივ გაიხსნა გადასასვლელი პუნქტები და ამან მძიმე ჰუმანიტარული სიტუაცია მოიტანა იმ ხალხისთვის, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს,"- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მზაობა, დაგმოს ძალის გამოყენება საკუთარი თავის მიერ, არ არის საკმარისი.
"ხანგრძლივი სტაბილურობისთვის საქართველოს მზაობა, დაგმოს ძალის გამოყენება საკუთარი თავის მიერ, არ გახლავთ საკმარისი. ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენ არ შევეგუოთ ჰუმანიტარულ ტრაგედიას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. არ უნდა შევეგუოთ გადასასვლელი პუნქტების დახურვას, მძევლების აყვანასა და დეესკალაციას მივაღწიოთ ერთადერთი საშუალებით, რაც გაგვაჩნია - ეს არის საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა და დიალოგი ყველა მნიშვნელოვან პარტნიორს შორის. ასევე, უნდა იყოს სიგნალი რუსეთისთვის, რათა უფრო გააფართოვოს ევროკავშირის მონიტორინგის მისია უფრო ფართო ტერიტორიაზე, რაც იქნება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ლოგიკური გაგრძელება. სხვანაირად დიალოგის მოწოდებები უაზრო ხდება,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.