18 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
"მას სურს ჩამოირეცხოს რუსული ნაკეთები საქმე" - სააკაშვილის განცხადებას "ქართულ ოცნებაში" არაადეკვატურს უწოდებენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად კი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთ განცხადებას, სადაც ის აცხადებს, რომ საქართველოდან პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინის ინტერესებშიც არის, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურება მოჰყვა. სააკაშვილის თანამოაზრეებისთვის მისი განცხადება გასაკვირი არაა და ამბობენ, რომ ქვეყნიდან შეთითხნილი ბრალდებებით გაძევებული პრეზიდენტისგან "მოთაფლული ენით საუბარს არ უნდა ელოდონ".

"რა არის გასაკვირი იმაში, რომ ქვეყნიდან გაძევებული პრეზიდენტი, უსამართლოდ, შეთითხნილი ბრალდებებით, უკვე მერამდენე წელიწადია იმყოფება თავისი სამშობლოს მიღმა და თქვენ გნებავთ, რომ დავარცხნილი სიტყვებით და მოთაფლული ენით ილაპარაკოს. ამბობს პირდაპირ და სწორად, შეუძლია კიდევ უფრო მკაცრად თქვას. უნდა დამთავრდეს საქართველოში 8 წლიანი დანაშაულებრივი, წარუმატებელი, პრორუსული ხელისუფლება,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.

დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილი უკრაინელი ხალხის სახელით არ უნდა ლაპარაკობდეს:

"მე მიმაჩნია, რომ როდესაც სააკაშვილი ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკობდა, ესეც არაადეკვატური იყო. ახლა თუ ის უკრაინელი ხალხის სახელით დაიწყებს საუბარს, დიდი ალბათობით, მალე აფრიკელი და აზიელი ჩაგრული ხალხის სახელითაც გამოვა. არ მგონია, სწორი იყოს ქართველი და უკრაინელი ხალხის ურთიერთდაპირისპირება. საქართველოში უნდა შეიქმნას ქართული სახალხო მთავრობა, არც პრორუსული, არც პროდასავლური და არც პროაფრიკული," - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

მმართველი გუნდის წევრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სააკაშვილმა ადეკვატურობა სრულად დაკარგა და საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობაზე საუბრით თავისი რუსული საქმის გადაფარვას ცდილობს:

"ამ კაცს ადეკვატურობის ნიშანწყალი აღარ შერჩა, კიდევ ერთხელ პრორუსობაზე კი იმიტომ ლაპარაკობს, რომ კომპლექსი აწუხებს პირადი, რომელი კომპლექსის მიხედვითაც მას სურს, ჩამოირეცხოს რუსული ნაკეთები საქმე - ჩაბარებული ტერიტორიები და "გაპრავება" მის მიერ ჩადენილი საქართველოსთვის ომის დაწყების დაბრალების მცდელობა, რომელიც რეზოლუციაში აისახა მაშინ. ვერ ჩამორეცხავს, რაც არ უნდა პრორუსული ეძახოს "ქართულ ოცნებას", რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ევროკავშირთან ნატოსთან და აშშ-სთან ყოფილიყო ისე ახლოს, როგორც ეს არასდროს ყოფილა ისტორიაში,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები