"დღის კურიერის" ეთერში საჯარო სკოლების მზაობაზე ისაუბრა, განათლების საკითხების მკვლევარმა შალვა ტაბატაძემ და აღნიშნა, სისტემა უნდა იყოს მზად ყველანაირი სცენარისთვის, როგორც ონლაინ სწავლებისთვის, ასევე ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებისთვისაც.
შალვა ტაბატაძის თქმით, მოსაგვარებელია როგორც ტექნიკური მხარე, ასევე ინფრასტრუქტურულიც. და ამასთან, ყველა სკოლაზე უნდა იყოს გათვლილი შესაბამისი სწავლების მოდელი.
"ჩვენ სკოლებში არ გვაქვს, სოციალური დისტანცირების პრობლემა, განსხვავებით დიდი ქალაქის სკოლებისგან, სადაც ეს პრობლემა გვაქვს.
მცირე კონტიგენტიან სკოლებში ჩვენ სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემები გვაქვს, ასე რომ, რთულია განსაზღვრა, რომელ სკოლაში რა პრობლემები შეგვექმნება. ამიტომ თითოეულ სკოლაზე გათვლილი მოდელი უნდა გვქონდეს.
განათლების და მეცნიერების სამინისტროს ფუნქცია უნდა იყოს მხარდაჭერის მექანიზმის ამუშავება, მაგალითად, თუ სკოლა გადაწყვეტს, რომ ონლაინსწავლება უნდა იყოს, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ამაში ყველა მოსწავლე ჩაერთოს.
თუ პირისპირ სწავლება გადაწყდება, ასევე, ინფრასტრუქტურული პრობლემები უნდა მოაგვარონ და გაითვალისწინონ, რომ წინა სემესტრში ძალიან ბევრ მოსწავლეს ჰქონდა ჩავარდნა. მთავარი და მნიშვნელოვანია განათლების სამინისტროს თანადგომა,"- განაცხადა შალვა ტაბატაძემ.