როგორი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები რუსეთის დეზინფორმაციულ და პროვოკაციულ ქმედებებზე - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, ოკუპანტი ქვეყნის ქმედებების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მთავარი ბერკეტი საერთაშორისო სტრუქტურასთან, პარტნიორი ქვეყნების ხელმძღვანელებთან და დიპლომატიურ სამსახურებთან მაქსიმალურ კოორდინაციაში ყოფნა უნდა იყოს.
"საქართველოს ხელისუფლების ამოცანა უნდა იყოს ამ შემთხვევაში, რომ მაქსიმალურ კოორდინაციაში იყოს ყველა საერთაშორისო სტრუქტურასთან, პარტნიორი ქვეყნების ხელმძღვანელობასთან, დიპლომატიურ სამსახურებთან იმისთვის, რომ არ გამოგვეპაროს და თავის დროზე შევამჩნიოთ ის სტრატეგია, რასაც კონკრეტულად ეს დეზინფორმაციის ასე ვთქვათ მიმართულება ისახავს იმიტომ, რომ ერთია - ჩვენ შეიძლება რაღაც გარკვეული განგაში ავტეხოთ და რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციას შევატყობინოთ ეს ინფორმაცია, თუმცა კოორდინაციის შემთხვევაში ჩვენ შეიძლება აღმოვაჩინოთ საკმაოდ საინტერესო მიგნებები, რომელიც მოგვეხმარება, რომ ამ დეზინფორმაციას უფრო ეფექტურად, ერთობლივი ძალებით დავუპირისპირდეთ.
იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, მაშინ, როდესაც ლუგარზე დაიწყო ლაპარაკი, ამოცანა გამოჩნდა მაშინ ცოტა ხანში, რომ ამოცანა იყო "სკრიპალის საქმეებში" რუსეთის გამართლების პოვნა და გადაბრალება, რომ თითქოს ბიოლოგიურ იარაღს რუსეთი კი არ აწარმოებს, არამედ აწარმოებს დასავლეთი, საქართველოს მხარდაჭერით," - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელსაც დიდი ხანია კრემლი ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ ატარებს, დაემატა ღამურების დაუჯერებელი ეპიზოდი. საქართველოს ტერიტორიიდან გატაცებულ საქართველოს მოქალაქეს ხვიჩა მღებრიშვილს ბრალად სწორედ ღამურების არალეგალური შეგროვება ედება.
ე.წ. КГБ-მ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც რეჟიმის მეჯვრისხეველი ტყვე ყვება, თუ როგორ გადავიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად და რომ ეს ღამურები, 5 000 აშშ დოლარად, ლუგარის ლაბორატორიისთვის უნდა მიეყიდა.
ღამურებს წინ უძღვოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომლითაც მოსკოვი საქართველოს პროვოკაციაში ადანაშაულებდა.
პარალელურად, უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს ორი მოქალაქე - ხვიჩა მღებრიშვილი და ზაზა გახელაძე, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ჯერ ცეცხლი გაუხსნეს და დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს.