ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ბრალდებების ახალ სერიას ავრცელებს. ამჯერად, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ზაზა გახელაძის ოჯახს, სიტუაციის გარშემო მაქსიმალური აჟიოტაჟის გამოწვევის მიზნით იყენებს.
"აღნიშნულ ინციდენტს, ისევე როგორც სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის საქართველოს მოქალაქეების დაკავების პრაქტიკულად ყველა სხვა ფაქტს, ოფიციალური თბილისი დაძაბულობის გასაღვივებლად იყენებს."- აღნიშნულია დე ფაქტო უწყების განცხადებაში. ე.წ კომიტეტი ასევე აცხადებს იმასაც, რომ "საქართველოს ხელისუფლება იყენებს გახელაძეების ოჯახის წევრებს, აქვეყნებს რა მათ კომენტარებს პოლიტიზირებული და აშკარად მიკერძოებული მასალების კონტექსტში სიტუაციის გასამწვავებლად."
ე.წ უწყება გამოქვეყნებულ განცხადებაში აცხადებს, რომ "გახელაძეს, რომელიც საზღვრის დარღვევისა და მესაზღვრეებისთვის ცეცხლის გახსნისთვის არის დაკავებული, ამჟამად არა საქართველოს ხელისუფლებისა და მათი დასავლელი კურატორების მხარდაჭერა, არამედ იურისტების დახმარება სჭირდება, რადგან მის მიერ ჩადენილი ქმედება სისხლის სამართლის კანონმდებლობით განიხილება."
ზუსტად ერთი კვირა გავიდა, რაც საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის "უკანონო კვეთის" ბრალდებით სოფელ ქვემო ჭალაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, სხვილოს ციხესთან ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა, ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა ფეხში დაჭრეს.