ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან "ლუგარის ცენტრზე" გაკეთებულ ცილისმწამებლურ განცხადებებს, რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი პასუხობს. ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსეთის წარმომადგენლები საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მოპატიჟებული არიან "ლუგარის ცენტრში" იმაში დასარწმუნებლად, რომ ლაბორატორიაში არაფერი კანონგარეშე არ ხდება.
"ჩვენ ისინი დავპატიჟეთ 2018 წელს საერთაშორისო ღონისძიებაზე, მაგრამ ისინი არ ჩამოვიდნენ. გასაგებია, ეს მათ სჭირდებათ თავისი ამოცანებისთვის, კერძოდ ამერიკელებთან საქმეების გასარჩევად და იმის დასამტკიცებლად, რომ აი, ამერიკა რა ცუდად ექცევა რუსეთს და რა ცუდად იქცევა მის სამეზობლოში. ამ შემთხვევაში საქართველო და ლუგარის თემა მეორეხარისხოვანია. ეს ბოლო ისტორია საერთოდ რაღაც დაბალბიუჯეტიანი, პროვინციული დეტექტივიდანაა, რომ ვიღაცა საოკუპაციო ხაზთან იჭერს ღამურებს და ამას ბითუმად, 5000 დოლარად აბარებს ამერიკელებს," - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.