ოკუპანტი რუსეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან წამოსულ ბრალდებებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში პასუხობენ. "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ოკუპანტების მხრიდან წამოსული აბსურდული ბრალდებების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებას მწყობრი სტრატეგია უნდა ქონდეს, როგორც ქართულ საზოგადოებაში ამ ნარატივის გავრცელების წინააღმდეგ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზეც რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად:
"მეთოდი არის ისეთი, რომ უნდა იყოს აბსურდის ნიაღვარი, რომ ამ ნიაღვარმა წალეკოს ყველაფერი, ამიტომ ნებისმიერი ნაბიჯი იმაზე კი არ უნდა იყოს გათვლილი რომ ამ სისულელეს ვუპასუხოთ ცალკე აღებულს, უნდა იყოს მწყობრი სტრატეგია საერთაშორისო ასპარეზზეც და ქართული საზოგადოების შიგნითაც, ამ წყაროების და ნარატივის დისკრედიტაციის, საერთაშორისო ასპარეზზე უნდა იყოს მუდმივი ზეწოლა რომ მან პოლიტიკური ფასი გადაიხადოს," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით სტრატეგიის არქონაზე საუბრობენ ნაციონალურ მოძრაობაშიც:
"ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, თუ როგორი პოლიტიკა აქვს რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, ამის საპასუხოდ კი საქართველოს ხელისუფლებამ სამწუხაროდ დღემდე ვერ გამოიჩინა ძალიან პრინციპული პოზიცია და დღემდე სტრატეგია არ არსებობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია რუსეთის გააქტიურებას საქართველოს წარმატებას უკავშირებს და იმ ფაქტსაც, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელთა შორის დანარჩენ საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ ინტერესი და ნდობა გაიზარდა.
"რუსეთის გააქტიურება განსაკუთრებით ბოლო პერიოდში განპირობებულია პირველი: საქართველოს წარმატებით ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის პროცესში და რა თქმა უნდა შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის წარმატებაში. ეს ყველაფერი განაპირობებს, რა თქმა უნდა, საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების განსაკუთრებულ ინტერესს, მათ სწრაფვას შერიგებისკენ და უკეთესი მომავლისკენ. თავისთავად საოკუპაციო ძალის ამოცანაა, პირველ რიგში ხელი შეუშალოს საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციას და ხელი შეუშალოს ნდობის აღდგენის პროცესს," - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.