საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახში ამ დრომდე ელის როდის შევლენ წითელი ჯვრის წარმომადგენლები იმ კლინიკაში სადაც გახელაძე იმყოფება. შესაბამისად, უცნობია როგორია ფეხში დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ე.წ. სამხედრო პროკურატურის ინფორმაციით გახელაძე ცხინვალის საავადმყოფოში, კარანტინშია მოთავსებული. დე ფაქტო უწყება მას სამხედროს სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას და ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავება.
"არც ჩივილს ვაპირებ, არც არაფერს, ოღონდაც ჩემი შვილი დაბრუნდეს სახლში ჯანმრთელი და უვნებელი,"- აცხადებს ზაზა გახელაძის დედა ნანა ბუნტური.
ზაზა გახელაძის მეუღლის ირმა ბუთხუზის თქმით, მათი ერთადერთი მოთხოვნა ოჯახის წევრის დაბრუნებაა:
"ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა, რომ დაგვიბრუნონ, არ ვითხოვთ სხვას, როგორც არის და რა მდგომარეობაშიცაა, ჩვენ თვითონ მივხედავთ, ჩვენი პირველი და უკანასკნელი მოთხოვნა არის ეს. უკვე მერვე დღეა არაფერი ვიცით მის შესახებ, ველოდებით ყოველ წუთს ინფორმაციას," - აღნიშნა ირმა ბუთხუზმა.