ოკუპანტი რუსეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით გაკეთებულ ცილისმწამებლურ განცხადებებს დღეს პრემიერ-მინისტრმა უპასუხა. გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა, რომ რუსულმა მხარემ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ნახოს, თუ რა ხდება ამ ლაბორატორიაში:
"ლუგარის ლაბორატორია არის უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის. ახლა, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად ეპიდემიას და პანდემიას ვებრძვით, მერწმუნეთ, რომ ის ფუნქცია, რომელსაც დღეს ლუგარის ლაბორატორია ასრულებს, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმ გამარჯვებასა და წარმატებებში, რომელიც ჩვენ ყველას ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად გვაქვს ვირუსის რისკების მართვაში.
არანაირი წინააღმდეგობა, მე როგორც ვიცი, ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ყველასთვის ღიაა ლუგარის კარი ერთობლივად, გუნდურად, ყველამ ერთად რომ ნახონ, თუ რა ხდება ამ ლაბორატორიაში," - განაცხადა გიორგი გახარიამ.