18 აპრილი 2024,   16:18
ვრცლად
ვინ იქნებიან "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატები - "კურიერმა" კანდიდატების ვინაობა გაარკვია

საქართველოს მასშტაბით "ქართული ოცნება" მაჟორიტარობის კანდიდატების დაყენებას 30-ვე ოლქში აპირებს. პარტია ოფიციალურად ჯერ არცერთ სავარაუდო ვერსიას არ ადასტურებს, თუმცა "კურიერმა" გაარკვია ყველა კანდიდატის ვინაობა აჭარაში. ბათუმში მმართველი გუნდი რესან კონცელიძის კანდიდატურას დააყენებს, ქობულეთში ზაალ მიქელაძე, ხულოში კი ისევ ანზორ ბოლქვაძე იყრის კენჭს. ცნობილია კახეთის ორივე ოლქის ბედიც - გურჯაანიდან აქ მოქმედი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, თელავში კი მოქმედი გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი მოსინჯავენ ძალებს. სავარაუდო კანდიდატები პარტიის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან.

პარტიის საბოლოო გადაწყვეტილება 3 დღეში გახდება ცნობილი, მათ შორის თბილისთან დაკავშირებითაც. ამ დროისათვის 8-დან სავარაუდო ინფორმაცია მხოლოდ სამ ოლქზე ვრცელდება - საბურთალოზე "ქართული ოცნება" სავარაუდოდ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის დავით სერგეენკოს კანდიდატურას დააყენებს, გლდანში ოპოზიციის საერთო კანდიდატს ნიკა მელიას ლევან კობიაშვილი დაუპირისპირდება, ისანში კი ძალებს სოზარ სუბარი მოსინჯავს.

"ქართულ ოცნებაში" კონკრეტულ კანდიდატებზე არ საუბრობენ, თუმცა დღეს გაირკვა, რომ გავრცელებული ინფორმაცია გიორგი გახარიას ზუგდიდში მაჟორიტარობასთან დაკავშირებით ტყუილია. ზუგდიდში სავარაუდოდ მმართველი გუნდი მოქმედი გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას კანდიდატურას დააყენებს. დღესვე გაირკვა, რომ გურიაში მაჟორიტარი არ იქნება ნინო წილოსანი, მოქმედი მაჟორიტარ-დეპუტატი აღარ იყრის კენჭს არც სენაკში.

გავრცელებული ინფორმაციით მცხეთაში ქართული ოცნება დიმიტრი ხუნდაძის კანდიდატურას დააყენებს, მარნეულში კენჭს მოქმედი მერი ზაურ დარგალი იყრის. ბოლნისში კი ისევ სავარაუდოდ გოგი მეშველიანი იქნება.

ამ დროის მონაცემებით ცნობილია 30 მაჟორიტარი კანდიდატიდან თითქმის ნახევრის ვინაობა, არც ერთი მათგანი ახალი სახე არაა, თუმცა "ქართულ ოცნებაში" აანონსებენ, რომ მაჟორიტარებშიც და საპარლამენტო სიაშიც სიახლეები იქნება და ახალი ადამიანები გამოჩნდებიან

"ქართლი ოცნება" მაჟორიტარ-დეპუტატობის კანდიდატებს ოც ივლისს წარადგენს. პარტია პროპორციული სიისა და განსაკუთრებით საინტერესო პირველი ათეულის პრეზენტაციას მოგვიანებით გამართავს.

დღის ამბები