საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ინტერვიუ "ბათუმელებთან" - კელი დეგნანმა ქართულ გამოცემასთან სხვადასხვა თემაზე ისაუბრა: მოახლოებული არჩევნები, საარჩევნო კანონმდებლობა, 8 მარტის შეთანხმება, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული კანონპროექტი.
კელი დეგნანია განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს დიდი ყურადღებით დააკვირდებიან და საქართველომ დიდი ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა ქვეყანაში გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდეს.
"მოხარულები ვართ, რომ პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც ასე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტი გახდეს უფრო პლურალისტური, უფრო მეტი ხმა იყოს წარმოდგენილი მასში. ვფიქრობ, ეს იყო ძალზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი და აგრეთვე დიდი წარმატება ყველა იმ პარტიისთვის, ვინც მხარი დაუჭირა ამ ცვლილებების მიღებას.
ჩვენ ასევე მივესალმებით საარჩევნო კანონმდებლობის მიღებას, რომელშიც შეინიშნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. არსებობს მრავალი რეკომენდაცია, რომელსაც ეუთო/ოდირი გასცემდა წლების განმავლობაში, წინა პერიოდის არჩევნების დროს დაფიქსირებული პრობლემების გადასაჭრელად.
საარჩევნო რეფორმის შედეგად ახალმა კანონმდებლობამ გარკვეულწილად ასახა ეს რეკომენდაციები. თუმცა ჩვენი სურვილი იყო კანონმდებლობაში გვეხილა დებულებები, რომლებიც უფრო დეტალურად დაარეგულირებდა ისეთ საკითხებს როგორიცაა: ამომრჩეველთა შესაძლო დაშინება, საარჩევნო კომისიების პროფესიონალური ნიშნით დაკომპლექტება, საარჩევნო დავების გადაწყვეტის საკითხი, ხმების ხელახალი დათვლის პროცესი.
ასევე იმედი გვქონდა, რომ ახალი საარჩევნო კოდექსი დაარეგულირებდა საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხს, რაც მნიშვნელოვანია საარჩევნოდ თანაბარი პირობების შექმნისთვის, ასევე დაარეგულირებდა საარჩევნო რეკლამის საკითხს, რაც საშუალებას აძლევს პარტიებს თავისი პლატფორმა გააცნონ საზოგადოებას. ეს საკითხები აღნიშნული იყო ეუთო/ოდირის რეკომენდაციებში, თუმცა პარლამენტმა ვერ შეძლო მათი ასახვა ახალ კანონმდებლობაში. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩასატარებლად.
მსურს ყურადღება გავამახვილო ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე, მის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია. მას დიდი ყურადღებით დააკვირდებიან და ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ არჩევნების დღეზე. ეს შეეხება თავად კამპანიასაც – დასაწყისიდან ბოლომდე. გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა წინ და ეს კარგია, მაგრამ უფრო მეტია გასაკეთებელი გამჭვირვალე, სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად," - განაცხადა კელი დეგნანმა.