8 მარტის შეთანხმების საკითხი ამოწურულია, თუ რჩება გიორგი რურუას გათავისუფლების თემა - აღნიშული კითხვით ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კელი დეგნანს "ბათუმელების" ჟურნალისტმა მიმართა. ელჩის განცხადებით, ეს იმ პარტიების გადასაწყვეტია, რომლებმაც დოკუმენტს ხელი მოაწერეს.
როგორც კელი დეგნანი აცხადებს, მნიშვნელოვანია პარტიებმა წინასაარჩევნო მზადება დაიწყონ და ამ პროცესში დიდი როლი ენიჭება, როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ასევე მედიას.
"ამ შემთხვევაში, ალბათ ჩემი აზრი ნაკლებად მნიშვნელოვანია, ეს იმ პარტიების გადასაწყვეტია, რომლებიც თავად არიან ხელშეკრულების მხარეები.
ვიცით, რომ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ფიქრობს, რომ ბოლომდე არ არის შესრულებული და პრინციპული პოზიცია უკავია ამასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ახლა, როცა წინასაარჩევნოდ რჩება საკმაოდ მცირე დრო, მნიშვნელოვანია თითოეულმა პარტიამ დაიწყოს კამპანია, საზოგადოებას წარუდგინოს, აუხსნას თავისი პლატფორმა თუ პროგრამა, ის, თუ რატომ უნდა მისცენ ხმა ამა თუ იმ პარტიას.
მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კუთხით ამ პროცესში დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც მთავრობას, ასევე ოპოზიციურ პარტიებს, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას, მედიას. მოსახლეობას უნდა აუხსნან, რას ნიშნავს ეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რა შეიცვლება ამ ცვლილებებით, რას ნიშნავს ახალი საარჩევნო კოდექსი. როდესაც ამომრჩეველი მივა საარჩევნო ყუთთან, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინფორმაცია.
ამასთან, გასათვალისწინებელია COVID-19-თან დაკავშირებული ვითარება. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, როგორ მისცეს ხმა უსაფრთხოდ COVID-19-ის პირობებში – კოვიდის გამო ამომრჩეველმა არ უნდა დაკარგოს არჩევნებზე წასვლის სურვილი," - აღნიშნა კელი დეგნანმა.