ვინ იქნებიან "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატები - პრეზენტაციამდე ერთი დღით ადრე, "კურიერმა" კიდევ რამდენიმე კანდიდატის ვინაობა გაარკვია.
მმართველი გუნდის სახელით, რუსთავის მუნიციპალიტეტში თბილისის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ბიზნესმენი ვასილ ჩიგოგიძე იბრძოლებენ.
"ქართული ოცნების" კანდიდატი სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში გივი ჭიჭინაძე იქნება. ის ამ დროისთვის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატია.
რაც შეეხება ალექსანდრე მოწერელიას, გუშინ "კურიერმა" ის ზუგდიდის კანდიდატად დაასახელა. დღევანდელი ინფორმაციით, მოქმედი გუბერნატორი კენჭს წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში იყრის.
"კურიერმა" ინფორმაციის გადამოწმება თავად დასახელებულ კანდიდატებთან სცადა. მათი ნაწილი ინფორმაციას არ უარყოფს, თუმცა არც ადასტურებს. მათივე განცხადებით, ინფორმაცია ცნობილი ხვალ გახდება.
"ხვალ იქნება ყველაფერი ცნობილი. კონსულტაცია არ ყოფილა, მე მოქმედი მაჟორიტარი ვარ. რამდენიმე კანდიდატურა განიხილება იქ და ერთ-ერთი არის ჩემიც და ხვალ იქნება ალბათ ყველაფერი ცნობილი ან დღეს საღამოს ჩვენთვის," - განაცხადა პარტია "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში გივი ჭიჭინაძემ.
"მე მგონი მოვლენებს არ უნდა გავუსწროთ. ხვალ იცით, რომ გუნდი დაასახელებს მაჟორიტარობის კანდიდატებს და იქ ალბათ ყველა ოლქის მიხედვით გეცოდინებათ ვინ იქნება "ქართული ოცნებიდან," - აღნიშნა პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რუსთავის მუნიციპალიტეტში ნინო ლაცაბიძემ.