18 ნოემბერი 2024,   01:32
ვრცლად
გუნდი, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, კვლავაც შემძლეა იტვირთოს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა - ბიძინა ივანიშვილი

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, რომ "ქართულ ოცნებას" კვლავ აქვს ძალა იტვირთოს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა. მისი განცხადებით, "ოცნება" ერთგულია ევროპული და ევროატლანტიკური კურსის, რომელიც ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ განაპირობა. 

ივანიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ "პოლიტიკურად რთულ სამეზობლოში" ცხოვრების გამო ხელისუფლება ვალდებულია მაქსიმალურად შეამციროს რისკები და თავიდან აიცილოს ყველა შესაძლო პროვოკაცია.

"გუნდი, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, კვლავაც შემძლეა იტვირთოს და ასწიოს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა.

ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში  ჩვენმა გუნდმა წინ წაიყვანა ქვეყანა ბევრი მიმართულებით. პროგრესი თვალსაჩინოა, პრაქტიკულად, ყველა სფეროში. რა თქმა უნდა, არავინაა იმ ილუზიის ტყვეობაში, რომ ყველაფერი დალაგდა და პრობლემები აღარ არსებობს. ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქვეყანამ შეუქცევადად გააგრძელოს განვითარება. რყევებით სავსე ეპოქაში, საქართველომ ბოლო რვა წლის განმავლობაში შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა და დამსახურებულად ჩაეწერა უსაფრთხო ქვეყნების მოწინავე რიგებში.

დღევანდელ ცვალებად მსოფლიოში, რა თქმა უნდა, საქართველოც დგება ახალი გამოწვევებისა და საკითხების ახლებურად გააზრების საჭიროების წინაშე. დღევანდელი რეალობა სულ სხვა დღის წესრიგს, სხვა მოთხოვნებს გვიყენებს. გამოწვევები მართლაც ბევრია, საშინაო თუ საგარეო, რომლებსაც ქვეყანა მზად უნდა დახვდეს.

ქართველების ბუნებაა პროგრესისკენ და განვითარებისკენ სწრაფვა. ამიტომაც, მუდამ ერთგული ვართ და ვრჩებით ევროპული და ევროატლანტიკური კურსის, რომელიც ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ განაპირობა და რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წლების განმავლობაში მხარს უჭერს საქართველოს და ქართველ ხალხს ამ საქმეში - ჩვენს დასავლელ მეგობრებს - ევროკავშირს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ამერიკის შეერთებულ შტატებს. არავისთვის უცხო არ არის, რომ ჩვენ საკმაოდ რთულ დროში, რთულ რეგიონში და პოლიტიკურად რთულ სამეზობლოში ვცხოვრობთ. ამიტომ, ვალდებული ვართ, მაქსიმალურად შევამციროთ რისკები, თავიდან ავიცილოთ ყველა შესაძლო პროვოკაცია, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის სტაბილურობას და მშვიდობიან განვითარებას. ჩვენ უნდა გავამთლიანოთ საქართველო და ყველა საერთაშორისო ბერკეტი გამოვიყენოთ ამისთვის. ჩვენ მშვიდობიანად, ნდობის გაჩენის, შერიგებისა და პატივისცემის აღდგენის გზით უნდა შემოვაბრუნოთ ჩვენკენ აფხაზი და ოსი ძმები,"-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

დღის ამბები