18 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
კეთილდღეობა განათლებით მიიღწევა, "ოცნება" ბიუჯეტის მეოთხედს განათლებაში დახარჯავს - ბიძინა ივანიშვილი

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, რომ ქვეყნის წინსვლას არ აქვს ფასი, თუ თითოეული საქართველოს მოქალაქე ეკონომიკურად არ მოძლიერდა. მანვე აღნიშნა, რომ ეკონომიკური წინსვლა, პირველ რიგში, განათლებით მიიღწევა და სწორედ ამიტომ, "ქართული ოცნება" ბიუჯეტის ნახევარს სწორედ განათლების სფეროში დახარჯავს. 

"ჩვენ კარგად ვიცით რეალობა, რომ ხალხს ჯერ კიდევ უჭირს. ამ გაჭირვების გამომწვევი ობიექტური მიზეზების განმარტება, მათ ყოფას ვერ აუმჯობესებს. ქვეყნის წინსვლას არა აქვს ფასი, თუ თითოეული ადამიანი, თითოეული ოჯახი ეკონომიკურად არ მოძლიერდა.

ეკონომიკური წარმატება და კეთილდღეობა პირველ რიგში, განათლებით მიიღწევა. სწორედ ამიტომ მიიღო ჩვენმა გუნდმა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ბიუჯეტის მეოთხედის განათლებაში დახარჯვის შესახებ. განათლება და ეკონომიკური კეთილდღეობა - სწორედ ეს იქნება ქართული ოცნების სამოქმედო გეგმა და მიზანი მომდევნო წლების განმავლობაში. ამის მყარი საფუძვლები ჩვენ უკვე ჩაყრილი გვაქვს და მას ახლა განმტკიცება სჭირდება.

დღეს, ქართულ პოლიტიკას ახლებური ხედვა და  ამავე დროს  გამოცდილი გუნდი სჭირდება. ქვეყანას მხოლოდ მაღალი ღირებულებების ერთგული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები აშენებენ. სწორედ ამ ნიშნით არიან შეკრებილი ჩვენი გუნდის წევრები, ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატები, რომლებსაც პროფესიონალიზმი და გამოცდილება უმაგრებთ ზურგს.

დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება" კვლავ დამაჯერებლად გაიმარჯვებს, კვლავაც ერთად ვაშენოთ ქვეყანა, კვლავაც ერთად ვიაროთ წინ, ევროპისკენ."-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

დღის ამბები