საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რაც მომდევნო წლებში "ქართული ოცნებისთვის" უპირველესი საზრუნავი იქნება.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ 2020 წლის არჩევნები დემოკრატიულობის უმაღლესი ხარისხით ჩატარდება და აღნიშნა, რომ ამ ბრძოლაში "ოცნება" აუცილებლად გაიმარჯვებს.
"2020 წლის არჩევნებზე მივდივართ ახალი, უფრო პროგრესული საარჩევნო სისტემით. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნებოდა შეუძლებელი, რომ არა 2012 წლის მიღწევა და 2012 წლის შემდგომ ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული და სამართლიანობის ფასეულობებზე ყოველდღიურად შენება. ეს მხოლოდ ამიტომ გახდა შესაძლებელი. რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პროპორციული არჩევნები დემოკრატიის მიღწევასთან ერთად არის ქვეყნის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა. ეს არის პასუხისმგებლობა პოლიტიკური პარტიების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეების.
ჩვენ რა თქმა უნდა, ამ არჩევნებს ჩავატარებთ დემოკრატიულობის უმაღლესი ხარისხით და, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნება" ღირსეულად გაიმარჯვებს სამართლიან ბრძოლაში და ეს წარმატება ამ ქვეყანას სჭირდება!
არჩევნების დასრულებიდან მეორე დღესვე უნდა ვიშრომოთ ყოველდღიურად, იმისთვის, რომ ის მიზნები, რომლებიც გვაქვს, მისი უზრუნველყოფა მოვახდინოთ.
ეს მიზნებია, პირველ რიგში, სამუშაო ადგილები და ეკონომიკის გაძლიერება, კეთილდღეობა. არ არსებობს კეთილდღეობა ქვეყნის, თითოეულ ქართულ ოჯახში კეთილდღეობის გარეშე; რა თქმა უნდა, ქვეყნის დეოკუპაცია და ზრუნვა ჩვენს დევნილებზე და რა თქმა უნდა, ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ მშვიდობიანად ისინი დავაბრუნოთ თავიანთ, მშობლიურ სახლებში; ჩვენი შვილები, ახალგაზრდობა და მათი განათლება; რა თქმა უნდა, ზრუნვა ჩვენს მოქალაქეზე, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერება და ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები და მათი, ღირსეული სიბერე; კანონის უზენაესობა, სამართლიანობა, ადამიანის უფლებები და ბოლოს, როგორც ყველაფრის შედეგი, ღირსეული წევრობა დიდ ევროპულ ოჯახში. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად საქართველოს გზა ევროპის მიმართულებით არის ყველაზე თვალსაჩინო, ყველაზე წარმატებული და ჩვენ ამ გზაზე უნდა ვიყოთ უაღრესად სწრაფები და წარმატებულები,"-განაცხადა გიორგი გახარიამ.