18 ნოემბერი 2024,   01:44
ვრცლად
ჩვენი ხალხი იმსახურებს ღირსეულ ადგილს ერთიან ევროპულ ოჯახში და ამას აუცილებლად მივაღწევთ - კახა კალაძე

პარტია "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, საარჩევნო კანდიდატების წარდგენაზე განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" ის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებთან ეფექტურად გამკლავება შეუძლია.

მისივე თქმით, საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს ღირსეულ ადგილს ერთიან ევროპულ ოჯახში და ამის მიღწევა "ოცნების" ერთ-ერთი პრიორიტეტია. 

"ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე არსებულ პრობლემებთან ეფექტურად გამკლავება შეუძლია. ჩვენ გვაქვს მომავლის ხედვა და იმედი. 

ზუსტად 2012 წელს ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით დაამარცხა ძალადობრივი რეჟიმი და მოიპოვა თავისუფლება. მაშინ, ჩვენ პრაქტიკულად დავიბრუნეთ საკუთარი სამშობლო და შევძელით ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარების რელსებზე დაყენება. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდმივად უსმენს ხალხს, გრძნობს მის მაჯისცემას და საზოგადოების მოთხოვნებს რეალური შესაძლებლობების ფარგლებში ყოველთვის ადეკვატურად პასუხობს.

ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი იმსახურებს წარმატებას, იმსახურებს ღირსეულ ადგილს ერთიან ევროპულ ოჯახში და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ. ამის მიღწევა კი, ერთმანეთის გვერდში დგომის, ერთიანობის გარეშე რთული იქნება, ეს საქართველოს წარმატების გასაღებია

ვირუსთან ბრძოლამ ყველას დაგვანახა, რამხელა შესაძლებლობებს გვიხსნის საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთად დგომა. ჩვენი ერთიანობა, არის ამ ქვეყნის ნათელი მომავლის გარანტია. მჯერა, ჩვენ ყველა ერთად, არა უბრალოდ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გავიმარჯვებთ, არამედ, გავიმარჯვებთ ყველა გამოწვევაზე, გავიმარჯვებთ თითოეული მოქალაქის პრობლემებზე და ჩვენს ქვეყანას საბოლოო გამარჯვების გზაზე გავიყვანთ," – განაცხადა კალაძემ.

დღის ამბები