18 ნოემბერი 2024,   01:35
ვრცლად
"ქართული მარში" მამუკა ხაზარაძეს სეპარატისტულად განწყობილ ჯგუფებთან კავშირსა და მათ დაფინანსებაში ადანაშაულებს

"ქართული მარში", ეროვნული მოძრაობა "ლელო საქართველოსთვის" ლიდერს მამუკა ხაზარაძეს სეპარატისტულად განწყობილ ჯგუფებთან კავშირსა და მათ დაფინანსებაში ადანაშაულებს. მოძრაობის ლიდერები ითხოვენ, საქმით შესაბამისი უწყებები დაინტერესდნენ. 

პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენლების თქმით, სწორედ მათ წინააღმდეგ ავრცელებდნენ ინფორმაციას, თითქოს, მარნეულში აზერბაიჯანელი მწერლისა და ბოლშევიკის, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღების მოთხოვნით გამართულ აქციაში "ქართულ მარშს" უნდა მიეღო მონაწილეობა და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაზე გარკვეული ზეწოლა მოეხდინა.

"ახლა თქვენ თვითონ გააკეთეთ ანალიზი, იქ მომხდარი ცუდი შედეგების შემთხვევაში, რბილად რომ ვთქვათ, ვის უნდა დაბრალებოდა ეს ყველაფერი? "ქართულ მარშს", ეს არის პირდაპირი აგრესიული ქმედება და მცდელობა იმისი, რომ "ქართული მარშის" გამარგინალება მოხდეს საზოგადოების თვალში," - აცხადებს "ქართული მარში – ეროვნული მოძრაობის" გენერალური მდივანი ირაკლი შიხიაშვილი.

"ყველა ის ინსინუაცია, რომელიც უკავშირდებოდა თითქოს "ქართული მარშის" მსვლელობას, ან რაიმე ტიპის ქმედებებს მარნეულის რაიონში, არის უბრალოდ ტყუილი და ცილისწამება. აღნიშნულ ინფორმაციას აქტიურად ავრცელებს მამუკა ხაზარაძე, მისი ე.წ. პოლიტიკური ორგანიზაცია. სასწრაფო წესით დაიწყონ მამუკა ხაზარაძის მიერ სეპარატისტული ჯგუფების შესაძლო დაფინანსების შესახებ სისხლის სამართლის საქმის წარმოება," - განაცხადა "ქართული მარში – ეროვნული მოძრაობის" თავმჯდომარემ სანდრო ბრეგაძემ.

მარშის ლიდერებს "ლელოშიც" უპასუხეს. პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" წევრი ლანა გალდავა "ქართული მარშის" წევრებს "ქართული ოცნების" რუსულ მარშად მოიხსენიებს და მათ განცხადებებს პოლიტიკურ უგუნურობას უწოდებს.

"ქართული ოცნების" რუსული მარშის დღევანდელი განცხადება გახლავთ სამართლებრივი სიბეცე და პოლიტიკური უგუნურობა. რაც შეეხება სეპარატისტული ჯგუფების დაფინანსებას, რა თქმა უნდა პასუხს აგებენ ასევე სასამართლოს წინაშე მსგავსი სახის განცხადების გამო. რაც შეეხება უშუალოდ ეროვნული შუღლის გაღვივებას და დისკრიმინაციის ფაქტებს მარნეულის რეგიონში, აუცილებელია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეისწავლოს კარგად ყველა ეს ფაქტი," - განმარტა პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" წევრმა ლანა გალდავამ.

დღის ამბები