"ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ 30 მაჟორიტარ კანდიდატს "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე აფასებს. მისი განცხადებით, "ქართულ ოცნებას" 8 წლის განმავლობაში საკუთარი კეთილდღეობის გარდა, ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი გაუკეთებია.
"ახალი საქართველოს" ლიდერის თქმითვე, "ქართულ ოცნებას" ქვეყნის სათავეში ყოფნა მხოლოდ იმისთვის სურს გაიხანგრძლივოს, რომ ხალხის ძარცვა გააგრძელოს.
"დღევანდელმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ აშკარა გახადა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" მოწყვეტა რეალობასთან და აცდენა ქვეყანაში არსებულ რეალურ პრობლემებთან. ქართული ოცნების პრეზენტაციის სახით, ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ ფუჭი მასკარადი ცრუ დაპირებების, რომელიც მას ასე ახასიათებს.
მე მინდა ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, ეს არ არის "ქართული ოცნება", ეს არის დამსხვრეული ოცნებების ძალა, რომელთაც მთელი 8 წლის მანძილზე არაფერი არ გაუკეთებიათ, ვერც ერთმა ვერ დაასახელა ვერც ერთი მიღწევა, რაც მათ გააკეთეს. ერთადერთი, რაც მათ შეისრულეს, თვითონ გამდიდრდნენ, ხოლო ხალხი გაღარიბდა და უკიდურეს პრობლემებში ცხოვრობს,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძე ბოლო წლებში შემცირებულ სამუშაო ადგილებზე საუბრობს და ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მავნებლური მმართველობის პერიოდში ქვეყანაში პრობლემები გაზრდილია და მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.
"მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, 2020 წლის არჩევნებზე, "ქართული ოცნებისთვის" ხმის მიცემა ეს უბრალოდ შეცდომა კი არ არის, ეს არის დანაშაული. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, კიდევ 4 წელი ძარცვოს ჩვენი ქვეყანა, გააგრძელოს ეკონომიკის დანგრევა და ჩამოშლა,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ თავის გუნდთან ერთად მთელ საქართველოს მოივლის და ყველას დაუმტკიცებს, რომ საქართველოს დიდი პერსპექტივები აქვს.
"ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, სტრატეგია ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან შექმნილი, რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, რომ რაც შეიძლება სწრაფად ვიხსნათ ქვეყანა,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.