04 მაისი 2024,   13:27
ვრცლად
გათვლა გვაქვს გამოცდილებაზე, პროფესიონალიზმსა და კომპეტენციაზე - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" წევრებმა დღეს წარდგენილ მაჟოროტარების კანდიდატებს "გამოცდილი პროფესიონალების გუნდი" უწოდეს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მათ გათვლა ჰქონდათ გამოცდილებაზე, პროფესიონალიზმზე და კომპეტენციაზე.

"ჩვენ დღეს წარვადგინეთ 30 კანდიდატი და თითოეული არიან ღირსეული ადამიანები და საპარლამენტო ცხოვრებას კიდევ უფრო გააუმჯობესებენ. არიან ისეთებიც, რომლებიც 2012 წლიდან მოყვებიან "ქართულ ოცნებას," გუნდის ძველი, ღირსეული წევრები, ასე ვთქვათ, მძიმეწონიანი პოლიტიკოსები არიან და მათი სინთეზი, საბოლოო ჯამში, მიდის იქით, რომ ჩვენ გათვლა გვაქვს გამოცდილებაზე, პროფესიონალიზმზე, კომპეტენციაზე, რაც უნდა გამოადგეს საქართველოს პარლამენტს,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას განცხადებით "ახალ სახეებში", რასაც "ოცნება" აანონსებდა, იგულისხმებოდნენ არა უცნობი ადამიანები, არამედ პირები, რომლებიც არ იყვნენ ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში.

"ახალი სახე არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უცნობი უნდა იყოს ყველასთვის, იგულისხმებოდა ის, ვინც არ იყო საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართული, რამდენიმე საერთოდ არ იყო პოლიტიკაში ჩართული, ამიტომ მათი საქმიანობით, წარმატებით და შედეგებით არიან ცნობილები და ზუსტად ეს არის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, რატომაც გავაძლიერეთ გუნდი ამ ადამიანებით,"- განაცხადა კახა კუჭავამ.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოსახლეობა არჩევანს კვლავ "ქართული ოცნების" სასარგებლოდ გააკეთებს. 

"ქართველი ხალხი კვლავ გამოიჩენს მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და გააკეთებს სწორ არჩევანს 2020 წლის არჩევნებში, ამაში ჩვენ დარწმუნებული, რომ ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს უსაფრთხოების, კეთილდღეობის და განვითარებისკენ და შესაბამისად, "ქართული ოცნება" თავისი სრული გუნდით და პასუხისმგებლიანი და მაღალპროფესიონალი კადრებით დარწმუნებულია შეძლოს არ გაუმტყუნოს ქართველ ხალხს ის მოლოდინი,"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი "ქართული ოცნების" არჩევნებში გამარჯვებასა და ქვეყნის ევროატლანტიუკური კურსის შეუქცევადობაში სრულად დარწმუნებულია. 

"ქართული ოცნება" არის ერთიანი გუნდი, რომელიც არის დაკომპლექტებული პროფესიონალიზმზე, დიდ პასუხისმგებლობაზე და გამოცდილებაზე. ეს არის უაღრესად გამოცდილი პროფესიონალების გუნდი და მე დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნება" წარმატებით გადალახავს ყველა იმ პროცესს, რაც იქნება საარჩევნო კამპანიის დროს და ღირსეულად გაიმარჯვებს. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური კურსი იქნება შეუქცევადი,"-განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარ კანდიდატთა სია წარმოადგინა. 

დღის ამბები