"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სერგეენკო "დღის კურიერში" აცხადებს, რომ მისი საბურთალოს რაიონში დეპუტატობის კანდიდატად არჩევის ერთ-ერთი ფაქტორი ის არის, რომ საბურთალოზე დაიბადა და ამჟამადაც საბურთალოს მაცხოვრებელია. თუმცა, ამბობს, რომ მმართველი გუნდის მიერ მისი საბურთალოს კანდიდატად არჩევა მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციასაც უკავშირდება. ამის შესახებ მან "დღის კურიერში" განაცხადა.
დავით სერგეენკოს განცხადებით, საბურთალოს რაიონის პრობლემების უმრავლესობა სხვა რაიონის პრობლემებისგან არ გამოირჩევა და პრობლემების ძირითადი ნაწილი სოციალურ საკითხებსა და საყოფაცხოვრებო, ინფრასტრუქტურულ საკითხებს ეხება.
"გულწრფელი პასუხი ასეთი არის, რომ მე დავიბადე საბურთალოზე, იქ გავიზარდე, იქ ვსწავლობდი და ახლაც იქ ვცხოვრობ. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთ ფაქტორად ეს იქნა გათვალისწინებული.
მმართველი პარტიის ანალიტიკა ყოველთვის მიმართული არის და ასე იქნება, იმაზე თუ სად მიიღებს საუკეთესო შედეგს. ის, რომ ჩემს შემთხვევაში, ან სხვა მაჟორიტარების შემთხვევაში, ისინი იქაურ მოსახლეობასთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაში არიან, ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და მე ვფიქრობ, რომ მე არა ჩემი დაბადების ადგილის პატივისცემის გამო, არამედ აბსოლუტურად პრაგმატული უკეთესი კომუნიკაციის გამო.
საბურთალოს რაიონს, რა თქმა უნდა, თავისი სპეციფიკური პრობლემები აქვს, მაგრამ პრობლემების და იმ საკითხების გადასაჭრელი საკითხების აბსოლუტური დომინანტი დაახლოებით იგივე არის, რაც სხვა რაიონებში და ოლქებში. რომ გავყოთ ზოგადი და კერძო ნაწილი, ზოგადი ნაწილია ის, რაც არის სოციალური საკითხები, საყოფაცხოვრებო და ინფრასტრუქტურული საკითხები არის ის, რაც დაახლოებით, თანაბარი არის სხვა რაიონებთან მიმართებაში. რაც შეეხება სპეციფიკას, აქ არის გარკვეული რაიონების ეკოლოგიური და ბუნების დაცვითი საკითხები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ზოგი ადგილისათვის და ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჯანდაცვითი საკითხები," - განაცხადა დავით სერგეენკომ.