საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე "ქართული ოცნების" მიღწევებზე, მათ შორის პანდემიის პირობებში მიღწეულ წარმატებებზე საუბრობს.
როგორც მამუკა მდინარაძემ "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა, "ქართული ოცნება" არჩევნებში მოქალაქეების მხარდაჭერას დაიმსახურებს და პანდემიის პირველი ტალღის წარმატებით დამარცხება გამარჯვების მთავარი არგუმენტი არ არის.
უმრავლესობის წევრი მმართველი გუნდის არჩევნებში გამარჯვების ერთ-ერთ მიზეზად სუსტ ოპოზიციას ასახელებს.
"არც გამიფიქრია, რომ მხოლოდ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა მომეტანა იმის არგუმენტად, რომ "ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს. მე ჩამოვთვალე მცირე ნაწილი იმ არგუმენტებისა, რის გამოც მხარს დაუწერს ქართველი ამომრჩეველი "ქართულ ოცნებას" და მის ხელისუფლებაში კიდევ ერთი ვადით მოსვლას. მხარს დაუჭერს კიდევ იმის გამო, რომ დღეს ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უკეთესი ალტერნატივა იმისათვის, რომ ანდოს მას თავისი ქვეყნის ხელისუფლება და სახელმწიფოებრივი მენეჯმენტი, არ არსებობს.
ეს შეიძლება იყოს ძალიან ცუდი, რომ ოპოზიცია არის სუსტი, მაგრამ დღეს ერთ-ერთი საფუძველი წარმატების, გარდა იმისა, რომ ყველამ დაინახა, რომ სწორ მენეჯმენტს ალაგებს ხელისუფლება საქართველოში, ამის გარდა, ჩვენ გვყავს ძალიან სუსტი ოპოზიცია. ამასაც უნდა გავუსწოროთ თვალი, რომ ერთ-ერთი სიძლიერე დღევანდელი ხელისუფლების არის ოპოზიციის სისუსტე, უამრავ სხვა სიძლიერესთან ერთად.
ეკლექტური საზოგადოება, რომელიც შეიკრიბა შალვა ნათელაშვილთან ოფისში თუ ფანჩატურში, ვერ აჩვენებს ქართულ საზოგადოებას იმ ძალას, რაც შემდეგ უნდა გამოიხატოს გონივრულ მოლოდინში, რომ მათ შეუძლიათ რაღაც გარდატეხის შემოტანა სახელწიფოს მართვაში," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.