18 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
ძველი და კარგად ნაცნობი სახეები - "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია

მოქმედი პარლამენტარები, გუბერნატორები, ქალაქის მერები, ბიზნესმენები, ფეხბურთელები და ექიმები, ძველი და კარგად ნაცნობი სახეები - "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია. მმართველმა პარტიამ ისინი, როგორც თავად ამბობენ, ერთი მთავარი კრიტერიუმით - პროფესიონალიზმით შეარჩია და საზოგადოებას კოჯრიდან გააცნო. 

30 მაჟორიტარს შორის ქალი მხოლოდ ერთია. ნინო ლაცაბიძემ საკრებულოდან პარლამენტში გადასვლა გადაწყვიტა. ის ბრძოლას რუსთავში აპირებს.

ნინო ლაცაბიძესთან ერთად, ქვემო ქართლიდან "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატები მარნეულის მოქმედი მერი ზაურ დარგალი და პარლამენტის მოქმედი დეპუტატი გოგი მეშველიანი არიან. ისინი მხარდამჭერებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და რეგიონის განვითარებას უკვე კოჯრიდან დაპირდნენ.

ზუგდიდში მმართველმა ძალამ ფსონი პრემიერ-მინისტრის სპიკერზე, ირაკლი ჩიქოვანზე დადო. მოქმედ სპიკერს შანსი აქვს პარლამენტის დეპუტატი მეორედ გახდეს, მე-8-ე მოწვევის პარლამენტის წევრი და ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" მაშინდელი თავმჯდომარე დღეს გამარჯვებაში დარწმუნებულია. 

საპარლამენტო მანდატისთვის ბრძოლას მოქმედი დეპუტატი, ფოთის მაჟორიტარი ირაკლი ხახუბიაც აპირებს. აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს ოლქებში ბრძოლა კი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ალექსანდრე მოწერელიას მოუწევს. 

პარლამენტში მოხვედრა კიდევ ერთხელ სურს ბიზნესმენ ვასილ ჩიგოგიძეს. პარლამენტის მეექვსე მოწვევის დეპუტატი ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩხოროწყუს ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატია. აჭარის მოქმედი ჯანდაცვის მინისტრიც დეპუტატობას აპირებს. ზაალ მიქელაძე ქობულეთის მაჟორიტარი კანდიდატია, მისი ბრძოლის მთავარი ხაზიც ჯანდაცვა იქნება.

"ქართულ ოცნებას" კიდევ ორი მაჟორიტარი კანდიდატი ეყოლება. ამჟამად აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე რესან კონცელიძე ბათუმში მმართველ გუნდს წარმოადგენს. ხულოში, შუახევსა და ქედაში კი, სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე იბრძოლებს, ის საკანონმდებლო ორგანოში ორჯერ "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენდა, მესამედ "ოცნებას". ახლაც შეეცდება პარლამენტში მეოთხედ "ქართული ოცნების" სახელით მოხვდეს. მის მსგავსად საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრას მეოთხედ აპირებს გოჩა ენუქიძეც.

კახეთში ბრძოლას მოქმედი რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და პარლამენტის დეპუტატი დავით სონღულაშვილი აპირებენ. ქადაგიშვილი ამომრჩეველს ჰპირდება, რომ რეგიონული განვითარება მათ ინტერესებს მოერგება.

"ქართული ოცნება" წინასაარჩევნო პერიოდის აქტიურ ფაზაში შედის. მაჟორიტარების ვინაობა უკვე ცნობილია.

ავტორი: სალომე უერთაშვილი

დღის ამბები