18 ნოემბერი 2024,   01:46
ვრცლად
სამუშაო შეხვედრა ფოტოგრაფებთან - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სფეროს განვითარების მიზნით ახალ პროექტებს იწყებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სფეროს განვითარების მიზნით ახალ პროექტებს იწყებს, სადაც საქართველოში მოქმედი ფოტოგრაფები ჩაერთვებიან. სწორედ ეს იყო შეხვედრის მთავარი თემაც.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შეხვედრაზე მყოფებს ახალი პროექტების დეტალები გააცნო. საუბარია საქართველოს ყველა რეგიონში ფოტო-ტურებზე, ტურისტული ფოტო-ბანკის განახლებასა და ფოტოკონკურსებზე.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, დღეს შედგა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა საქართველოში მოქმედ ფოტოგრაფებთან. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ პანდემიის პერიოდში დაზარალებული ჯგუფები, მათ შორის ფოტოგრაფები მაქსიმალურად ჩაერთონ ჩვენთვის ძალიან ღირებულ პროექტებში, რომელიც გულისხმობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას და დაზარალებული დარგებისა და პროფესიების საქმიანობის ხელშეწყობას.

შევთანხმდით, რომ ერთობლივი ძალისხმევით განვახორციელებთ ამ პროექტებს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის განვითარებას, ასევე ფოტოგრაფების საქმიანობას," - განაცხადა ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ პროექტებში ფოტოგრაფებთან ერთად აქტიურად ჩაერთვებიან გიდები და ტურისტული სატრანსპორტო კომპანიები, რაც შიდა ტურიზმის კამპანიის ნაწილიც გახდება.

ახალი პროექტების განხორციელებით საქართველოს მასშტაბით, ერთიანი ძალისხმევით ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტომასალების ახალი ბაზა მომზადდება, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა და საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიებში აქტიურად გამოიყენებს.

დღის ამბები