18 ნოემბერი 2024,   01:52
ვრცლად
მექანიზმები არსებობს, მთავარია, რუსეთი დაექვემდებაროს და შეასრულოს აღებული ვალდებულებები - კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებაზე ისაუბრა.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს ჟენევის ფორმატის გაგრძელებას, რათა ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული საკითხები პირდაპირი შეხვედრისა და მსჯელობის გზით გადაწყდეს. 

"ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ მხარს უჭერს საქართველოს, ასევე მხარს უჭერს ჟენევის მოლაპარაკებებს, რაც არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი და მოგვიანებით, როგორც ვიცი, მოხდება ასევე პირისპირ შეხვედრები და მსჯელობა ამ ფორმატის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

ასევე, საუბარია ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების შეხვედრების აღდგენასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ასეთი საკითხები, როცა ადგილი აქვს ადამიანების გატაცებას და სხვადასხვა საკითხს, რაც წამოიჭრება ხოლმე საქართველოს მოქალაქეებთან და მათი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, გადაწყდეს ამგვარ შეხვედრებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

მექანიზმები, რა თქმა უნდა, არსებობს და მათი ეფექტური ამოქმედებისთვის აუცილებელია, რომ მივაღწიოთ იმას, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. მექანიზმები როგორც ვთქვი არსებობს, მთავარია, რუსეთი დაექვემდებაროს და შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც მას აღებული აქვს,"-განაცხადა კელი დეგნანმა. 

დღის ამბები