საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი შეხვდა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა 33 წლის მამაკაცის ოჯახს ცხელი ხაზით მიღებული ბოლო ინფორმაცია მიაწოდეს. ლია გიგაურმა და ირაკლი ანთიძემ ასევე 30 ივლისს ჩანიშნულ ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გასამართ შეხვედრაზე განსახილველი საკითხებიც გააცნეს.
IPRM-ის ფორმატში ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება იქნება. ქართული მხარე გატაცებული ახალგაზრდა მამაკაცის დაუყოვნებლივ უპირობო გათავისუფლებას ითხოვს.
ოკუპანტებმა ქვემო ჭალის მკვიდრი 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯერ დაჭრეს და შემდეგ გაიტაცეს. ზაზა გახელაძის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც ე.წ საზღვრის უკანონო კვეთას და დე ფაქტო რეჟიმის ე.წ სამართალდამცავ უწყების თანამშრომელზე თავდასხმას გულისხმობს.