პარტია "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საზოგადოება პარტიაში ახალ სახეებს უნდა ელოდოს.
"ღამის კურიერის" კითხვაზე, თუ რატომ არ წარადგინა "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარებად ახალი სახეები, კალაძემ უპასუხა, რომ ისინი საარჩევნო სიაში იქნებიან.
"როდესაც მიმდინარეობდა ადამიანების გადასინჯვა, როდესაც მე ვსაუბრობ, რომ 4-5 კანდიდატი განიხილებოდა თითოეულ ოლქში, აქ საუბარია, ასევე, ახალ სახეებზე, რომელსაც ჩვენ ცოტა მოგვიანებით საარჩევნო სიებში ვიხილავთ.
თქვენ იცით, რომ მაჟორიტარი ცოტა განსხვავებული ტიპაჟია და როდესაც ჩვენ ჩავატარეთ კვლევები, საუკეთესოები აქ არიან წარმოდგენილნი, ის ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტი ნდობა და მხარდაჭერა აქვთ იმ ოლქებში, სადაც არიან დასახელებული. რაც შეეხება ახალ სახეებს: ნუ ვიჩქარებთ, დაველოდოთ, წინ ჯერ კიდევ გვაქვს დრო, დაველოდოთ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიას, რომელიც საკმაოდ საინტერესო იქნება,"-განაცხადა კახა კალაძემ.