მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერი გიორგი გახარია თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.
მან საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რათა მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობას.
"ეს ტრაგიკული მოვლენაა. ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალება გაურკვეველ პირობებში უაღრესად მძიმე შემთხვევაა. ეს ტრაგედია ოჯახს სცდება, ეს ყველას ტრაგედიაა. უნდა გვახსოვდეს, რომ გავუფრთხილდეთ ოჯახს და მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ თემას.
რაც შეეხება საგამოძიებო მიმართულებას, უაღრესად მნიშვნელოვანია მოქალაქეების პროაქტიური რეაგირება. აქ არის მნიშვნელოვანი, არ დარჩეს არც ერთი სივრცე იმისათვის, რომ ზოგიერთმა ეს საკითხი გარკვეული სპეკულაციისთვის გამოიყენოს. აუცილებელია სწრაფი და ეფექტური გამოძიება.
ჩვენ კარგად ვიცით გამოძიებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ქვეყანაში არსებობს. სწორედ ამიტომ დაიწყო რეფორმები და სისტემური განახლება შინაგან საქმეთა სამინისტროში. მინდა მოვუწოდო თოთოეულ საგამოძიებო სისტემა, რომ იყოთ აქტიურები საზოგადოებასთან ინფორმაციის გაზიარებისთვის, რომ არ დავტოვოთ მცირედი სივრცეც კი ინტერპრეტირებისთვის,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.
რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩართეს.