პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვს. პარტიაში აცხადებენ, რომ ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით საგამოძიებო უწყებას ხელისუფლება ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის იყენებს და, შესაბამისად, სამინისტროს მუშაობა არაეფექტურია.
"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ საბურთალოზე, ვაკეში, დიდუბე-ჩუღურეთში, ბათუმში, გურიაში, გორში, სადაც ასევეა კანდიდატი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალოვან უწყებებთან შეთანხმებით დაყენებული "ქართული ოცნებიდან", აქტიურად ხდება პოლიციური ძალების კონცენტრირება "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ირგვლივ, რაც არის ყოვლად დაუშვებელი,"- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე.
ბექა ნაცვლიშვილი აცხხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს "ქართული ოცნება" არჩევნებისთვის იყენებს, ამიტომ სხვადასხვა დანაშაულის გამოძიება არაეფექტურად, ან საერთოდ არ ხდება.
"ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ მოითხოვს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას, რადგან ის ვერ ართმევს თავს თავის ბუნებრივ ფუნქციას, რომ უზრუნველყოს დანაშაულის პრევენცია, არამედ დაკავებულია წინასაარჩევნო კამპანიით და ახდენს პოლიციის პოლიტიზირებას, რაც დამანგრეველია,"- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.