იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილ არამოსამართლე წევრად თამარ ღვამიჩავა დაინიშნა. მისი დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განკარგულება უკვე გამოსცა.
თამარ ღვამიჩავამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის თანამდებობაზე ანა დოლიძე ჩაანაცვლა, რომელმაც აღნიშნული პოსტი 22 ივნისს დატოვა.
კანონმდებლობის თანახმად, თამარ ღვამიჩავა არამოსამართლე წევრის პოზიციაზე 4 წლის ვადით იმუშავებს.
"ჩემი შეცვლა პირით, რომელსაც არასდროს თავში არ მოსვლია რაიმე სამართლებრივი მოვლენა გაეპროტესტებინა ბოლო 20 წლის განმავლობაში, არის არაჩვეულებრივი საჩუქარი კლანისა და ხელიფუფლებისთვის. სალომე ზურაბიშვილმა ამ შემთხვევაში შეასრულა კლანის სანუკვარი სურვილი,"-განაცხადა სამოქალაქო მოძრაობა "ხალხისთვის" დამფუძნებელმა ანა დოლიძემ.
"რატომ გააკეთა არჩევანი პრეზიდენტმა ღვამიჩავაზე, რა კონკურენცია იყო და ვინ იყვნენ კანდიდატები, რომლებსაც უარი ეთქვათ დანიშნულიყვნენ ამ პოზიციაზე, ეს ინფორმაცია უნდა ყოფილიყო საჯარო და ღია. საინტერესო კიდევ ის არის, რომ პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა 22 ივლისს და მას ამის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია.
არ ვიცნობ საერთოდ ამ ადამიანს, წარმოდგენა არ მაქვს რა ხედვები აქვს სასამართლოზე, რა გამოცდილება აქვს სასამართლოსთან დაკავშირებით მუშაობის წესის,"-აცხადებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.
შეგახსენებთ, ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობა 4-წლიანი ვადის ამოწურვამდე დატოვა. ის საბჭოში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წარადგინა.