18 ნოემბერი 2024,   01:58
ვრცლად
მთავრობის მიერ "ფრონტერასთან" კონტრაქტის შენარჩუნებას ოპოზიცია დადებით ნაბიჯად აფასებს

მთავრობა "ფრონტერასთან" კონტრაქტს აღარ ჩაშლის. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კომპანიას მიეცემა შესაძლებლობა, საქმიანობა საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში განაგრძოს, სადაც ნავთობის მოპოვება საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მიმდინარეობდა. საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99% "ფრონტერამ" საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მთავრობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

"მთავრობამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რომ არ უშლის "ფრონტერას" მუშაობის გაგრძელებას, ხოლო თუ არის რაიმე სადაო საკითხი კომპანიასა და მთავრობას შორის ეს უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ. რა თქმა უნდა საქართველოში არ არსებობს სასამართლო, არის საერთაშორისო სასამართლო, მიიღო გადაწყვეტილება, ინტერპრეტირება არის სხვადასხვანაირი, მთავრობა განმარტავს ერთნაირად, "ფრონტერა" მეორენაირად, მაგრამ დღეს მთავარი არის ის, რომ კომპანიამ უნდა გააგრძელოს მუშაობა და მისასალმებელია, რომ მთავრობამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება,"  - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.

"ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ ეს ნაბიჯი ხელისუფლებას თავიდანვე უნდა გადაედგა და ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე და გარემოზე დარტყმა აეცილებინა თავიდან.

"როდესაც ამერიკელმა კონგრესმენებმა აკეთეს განცხადებები საქართველოში კორუფციის არსებობის შესახებ, როდესაც მათ შორის ამ საკითხს დაუკავშირდა საქართველოს მიმართ სანქციების საკითხის დაძვრა, ახლა აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან "ფრონტერასთან" გააგრძელონ ურთიერთობა. ეს თავიდანვე შეიძლება გაეკეთებინათ და ამხელა დარტყმა ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე და ქვეყნის ეკონომიკურ გარემოზე ზიანი აეცდინათ თავიდან,"- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

პრაგმატულს უწოდებს უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი მთავრობის გადაწყვეტილებას:

"სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ეს გადაწყვეტილება ნამდვილად იყო პრაგმატული და ლოგიკური სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც ნამდვილად მივესალმები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საინვესტიციო კლიმატი იყოს გამჭვირვალე თითოეული ინვესტორისთვის და ამ ფაქტმაც ჩვენი სტრატეგიული მეგობრების, ერთ წარმომადგენელშიც კი არ უნდა გააჩინოს ინტერპრეტაციის საშუალება," - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები