პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” მდივანი, გიორგი კანდელაკი გარკვეულ ქვეყნებთან ფრენების აღდგენას ითხოვს. ის აცხადებს, რომ ფრენების აღდგენას ითხოვენ იმ ქვეყნებთან, რომლებიც ეპიდვითარების მხრივ მწვანე ზონად ითვლება. გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ უამრავ ემიგრანტს ქვეყანაში დაბრუნება სურს, თუმცა კარანტინის რეჟიმის გამო ამას ვერ ახერხებს.
"ჩვენ არ ვითხოვთ ფრენების აღდგენას ყველგან. რუსეთში არ ვითხოვთ, ვითხოვთ ფრენების აღდგენას, სადაც კარგი ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა. მთავრობის გენერალური ხაზია, რომ არჩევნებამდე იყოს რაც შეიძლება ცოტა და ძვირი ფრენა. ასე ეუბნებიან ავია კომპანიებს. რა შუაშია არჩევნები ეპიდემიოლოგიურ სურათთან? თუ ისინი ამ სურათით ხელმძღვანელობენ, არჩევნები რა შუაშია? რა გავლენას ახდენს ვირუსზე არჩევნები, არაფერს. მათი მოქმედება მთლიანად პოლიტიკურია და არა ხალხზე ზრუნვით გამოწვეული. განზრახ შექმნა მთავრობამ სიტუაცია, სადაც ქვეყანა არის დიდწილად მაინც დაკეტილი, ჩარაზული. ფრენა შეუძლია მხოლოდ იმას, ვისაც შეუძლია გადაიხადოს ბილეთში ათასობით ლარი,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკი.
პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” მდივანს აინტერესებს, თუკი პოლონეთსა და საბერძნეთში კარგი ეპიდვითარებაა, რატომ არ შედის ეს ქვეყნები გამწვანებული ქვეყნების სიაში. კანდელაკი ამბობს, რომ პოლონეთი საქართველოს ტურიზმისთვის დიდი მნიშვნელობისაა.
"ლიტვაშიც არის არჩევნები ოქტომბრის ბოლოს. ისინი არიან იდიოტები და უვიცები და ესენი არიან ბრძენები? ესე გამოდის ხომ? თუ გამწვანებული ქვეყანა, ესე იგი ის მიიჩნევა უსაფრთხოდ, იქ არსებული სიტუაცია არის კარგი. ლატვიაში, ესტონეთში დღეები გადის ისე, რომ არც ერთი ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება. ხანდახან საქართველოზე უკეთესიო სტატისტიკა აქვთ. ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ საქართველოს მთავრობაში არიან უფრო ჭკვიანები, ვიდრე ესტონეთის მთავრობაში ან პოლონეთის,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
გიორგი კანდელაკის თქმით, ბათუმში, ყაზახეთიდან ჩარტერული რეისით შემოსულ ერთ-ერთ პირს, ბათუმის სასტუმროში კორონავირუსი დაუდასტურდა. კანდელაკს აინტერესებს, რატომ არ ამოქმედდა მის შემთხვევაში კარანტინის რეჟიმი, თუკი ეს პირი ქვეყანაში გაუმწვანებელი ზონიდან შემოვიდა.
"დღეს დადასტურდა, რომ თურმე ბათუმში შემოსულა ჩარტერული რეისით გაუმწვანებელი ქვეყნიდან, ყაზახეთიდა და კორონავირუსი აღმოუჩინეს ერთ-ერთ სასტუმროში გაჩერებულ ადამიანს. თუ გაქვს კავშირები მთავრობაში, სადაც გინდა წახვალ, შემოხვალ, გადაიხდი ბილეთში ათი ათას ლარს და თუ ხარ კეთილსინდისიერი მოქალაქე, ქვეყანაში შემოსვლა ან ქვეყნიდან გასვლის დროს უნდა ჩაგაყუდონ კარანტინში. უამრავ ადამიანს, ამ ჩრდილოეთ კორეულ სტილში ან საბჭოთა სტილში ქვეყნის ჩარაზვის ძალაში დატოვებით, საქართველოს მთავრობამ უთხრა, რომ შენ უნდა მოკვდე შიმშილით,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
გიორგი კანდელაკის თქმით, "ევროპულ საქართველოს“ მთავრობას ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით კონკრეტული მოთხოვნა აქვს.
"ევროპული საქართველო მოითხოვს და მოუწოდებს მთავრობას, რომ ავიაკომპანიას დაუკმაყოფილდეს იმდენი სიხშირე, რამდენსაც იგი ითხოვს. ფრენები უნდა აღდგეს იმ სიხშირით, რა სიხშირითაც თვითონ ავიაკომპანიებს უნდათ გამწვანებულ ქვეყნებთან, გაუმწვანებელ ქვეყნებთან არ აღდგეს. უსაფრთხო ქვეყნებთან, სადაც არის კარგი სიტუაცია, უნდა აღდგეს ფრენები დაუყოვნებლივ და ესეთი ხელოვნური შეზღუდვა კონკურენციის, არ უნდა იყოს,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.