18 ნოემბერი 2024,   02:04
ვრცლად
ავიარეისი არამწვანე სტატუსის ქვეყნიდან და გადავადებული რეგულარული ფრენები - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა "დღის კურიერის" კითხვებს უპასუხა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა "დღის კურიერის" ეთერში რეგულარი ფრენების პირველ სექტემბრამდე გადავადების მიზეზებზე ისაუბრა. ლევან კარანაძის თქმით, გადაწყვეტილება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვიდან გამომდინარე იქნა მიღებული:

"კიდევ ერთხელ შეფასდა შესაძლო რისკები, რაც შეიძლება მოჰყოლოდა ფრენების სრული მასშტაბით აღდგენას და შესაბამისად გადაწყვეტილება იქნა მიღებული ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვიდან გამომდინარე და იმ პირობებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ ქვეყანას გააჩნია. მიდგომა იყო იმგვარი, რომ გახსნილობა და მობილობა შენარჩუნებულიყო და გახსნილი 5 ქვეყნიდან აქცენტი გაკეთებული ჰაბებზე," - განაცხადა კარანაძემ.

ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი​ კორონავირუსის არამწვანე ქვეყნების რიგში შემავალი ყაზახეთიდან ჩარტერული რეისით ჯგუფის შემოსვლასაც გამოეხმაურა, რომლის ერთ-ერთ წევრსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. ლევან კარანაძის თქმით მას კონკრეტულ ჯგუფთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ამბობს რომ მთავრობის გადაწყვეტილებით ბიზნესვიზიტორების და კონკრეტული ჯგუფებისთვის ისედაც გახსნილია ქვეყანა.

"ბიზნეს ვიზიტორები, როდესაც შემოდიან 2 პირობაა ან საკარნატინო სივრცეში გადადიან ან PCR ტესტი. მათ შორის არამწვანე ქვეყნებიდანაც," - განაცხადა ლევან კარანაძემ.

შეგახსენებთ, მთავრობის მიერ მიღებული რეგულაციები, რომელიც stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული,  საქმიანი ვიზიტები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით. საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ კოვიდ19-ზე PCR ტესტი, ან გაიარონ სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით.

რატომ ვერ შედგა ბიუჯეტური ავიაკომპანიებთან შეთანხმება და იყო თუ არა კომუნიკაციის ნაკლებობა. ლევან კარანაძის თქმით, კომუნიკაცია შენარჩუნებულია და ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდმდგომარეობაზე

"ვერ ვიტყოდი რომ კომუნიკაციის ნაკლებობაა რომელიმე კომპანიასთან, კომუნიკაცია შენარჩუნებლია. იქიდან გამომდინარე, რა ეპიდმდგომარეობა და რა საშუალება მოგვეცემა გახსნის იმის მიხედვით ვმოქმედებთ," - განაცხადა კარანაძემ. მისი თქმით, მთავარი აქცენტი არის ის, რომ ამ ეტაპზე მოხდეს ჰაბი აეროპორტების გამოყენება და არა Point-to-point აეროპორტების გამოყენება.

ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, 2 აგვისტოდან "ლუფტჰანზა" დაიწყებს რეისების შესრულებას, 8 აგვისტოდან "ეარ ფრანსი", ასევე აქტიურ ფაზაშია "ეარ ბალტიკთან" მოლაპარაკებები. ჩარტერული ფრენებს შეასრულებს "ჯორჯიან ეარვეისი" ამსტერდამისა და ვენის მიმართულებით.

რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს კარანაძის თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე და გამორიცხული არაფერია:

"არ გამოვრიცხავ, რომ 1 სექტემბერიც გადავადდეს ისევე როგორც არ გამოვრიცხავ რომ პირველ სექტერმბრამდეც შეიცვალოს და დაემატოს რეისები," - აღნიშნა კარანაძემ.

ლევან კარანაძე ავიაბილეთების მაღალ ფასებსაც შეეხო და განაცხადა, რომ პირველ ფრენაზე მაღალ ფასებს თავისი მიზეზები ჰქონდა:

"ფასებთან დაკავშირებით დავუკავშირდით კომპანიებსაც  პირველი ფრენაზე მოთხოვნა იყო მაღალი და ეს იყო ბიზნეს სეგმენტის ფასი. შემდეგი ფრენები იყო სხვა დროის ფრენების მსგავსი. ფასები მერყეობდა 1300-1800 ლარის ფარგლებში. შენარჩუნებული იქნება თუ არა ეს მდგომარეობა ვერ გეტყვით, გააჩნია როგორი იქნება მოთხოვნა. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ რაც ფრენები აღდგება ფასები დასტაბილურდება," - განაცხადა ლევან კარანაძემ.

დღის ამბები