პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც კომპანია "ფრონტერასთან" თანამშრომლობის გაგრძელებას გულისხმობს, ადასტურებს ხელისუფლების პასუხისმგებლიან მიდგომას ამერიკული ინვესტიციების მიმართ.
მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტორს, რომ საქართველომ აღნიშნულ კომპანიასთან საერთაშორისო არბიტრაჟზე დავა მოიგო.
"ფრონტერასთან" დაკავშირებით მნიშვნელოვანია არა რომელიმე მხარის შეფასებები, არამედ თავად გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო არბიტრაჟმა. მოგეხსენებათ, საქართველოს სახელმწიფომ ამ არბიტრაჟის დავაში საკუთარი პოზიციები დაიცვა, სიმართლე არის ჩვენს მხარეს. რაც შეეხება შეთავაზებას, რომ თანამშრომლობა გაგრძელდეს იმ 1 %-ის ფარგლებში, რომელიც კონტრაქტშია მოცემული, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლიან მიდგომას ამერიკული ინვესტიციების მიმართ. ვფიქრობ, კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ჩვენს პარტნიორებს, რომ გვაქვს კონსტრუქციული პოზიცია და რომ ნებისმიერი საერთაშორისო და უცხოური ინვესტიცია საქართველოსი დაცულია,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკიმ "ფრონტერას" წარმომადგენლობა დეზინფორმაციის გავრცელებაში თავად დაადანაშაულა.
"ვაშინგტონისთვის თვალებში ნაცრის შეყრა არ არის ჩვენი სტილი. რეალურად, მიღებულია გადაწყვეტილება საერთაშორისო სასამართლოს მიერ და ისინი რეალურად აწარმოებენ კონკრეტულ სამუშაოებს კონკრეტულ ტერიტორიაზე. ეს არის 50 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია, რომელზეც ისინი ოპერირებენ. იყო 10-ჯერ მეტი ტერიტორია, რომელზეც აბსოლუტურად არანაირი სამუშაოები არ ტარდებოდა ხელშეკრულება არაერთგზის შეიცვალა 20 წლის მანძილზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, თუ ვინმე ვაშინგტონისთვის განცხადებას აკეთებს და მითუმეტეს დეზინფორმაციას ავრცელებს, ეს სწორედ "ფრონტერას"წარმომადგენლობაა,"-განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, 23 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა ამერიკულ კომპანია "ფრონტერასთან" კონტრაქტს აღარ ჩაშლის. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კომპანიას მისცეს შესაძლებლობა, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა.
საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99% "ფრონტერამ" საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.
ამასთან, დღეს "ფრონტერამ" განცხადება გაავრცელა , რითაც კომპანია საქართველოს მთავრობას "დეზინფორმაციული კამპანიის შეწყვეტისკენ" მოუწოდებს.