"ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი საქართველოსთვის, როგორც ქვეყნისთვის მხარდაჭერაა და ამით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების წინ კიდევ ერთი შანსი მისცა, თუმცა ოპოზიციაში განმარტავენ, რომ დოკუმენტი ჯერ მხოლოდ წარმომადგენლობითმა პალატამ დაამტკიცა და სენატს არ გადაგზავნია.
"ამ დოკუმენტში, რომელიც ზალკალიანმა იზეიმა, დიახ, საქართველოს, როგორც ქვეყანას მხარს უჭერენ და ეს ძალიან კარგია, მაგრამ იქვე, საუბარია იმ შესწორებით, რომელიც დაყენებული იქნა ქვედა პალატაში, რომ უნდა მოხდეს კონკრეტული დემონსტრირება იმისა, რომ ჩიხიდან ქვეყანა გამოდის და აღარ ღრმავდება კრიზისი.
რაც შეეხება მეორე უტიფარ სიცრუეს, რომ სენატის საგარეო კომიტეტის შესწორება რომ იყო, ის არ გავიდაო. საუბარია პირდაპირ 8 მარტის შეთანხმებაზე, კონკრეტულ პირებზე, პოლიტპატიმრებზე. ეს დოკუმენტი მიიღო წარმომადგენლობითმა პალატამ, სენატში ჯერ არ წასულა,"- აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია.
"ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი პარტნიორებისთვის, რომ კიდევ ერთი შანსი მისცენ ხელისუფლებას არჩევნებზე, რომ არ შეუქმნან საფრთხე, თავდაცის სფეროში თანამშრომლობას და დაფინანსებას.
არჩევნების შემდეგ შეფასებებს, საერთაშორისო თანამეგობრობის, ქვეყანაში არსებული ვითარების ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, გაგრძელდება თუ არა დაფინანსება, მათ შორის თავდაცვის სფეროში გასაღრმავებლად,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი.