როდის მიიღებენ კომპანია "ფრონტერას" თანამშრომლები სახელფასო დავალიანებას ისევ ბუნდოვანია. ხელმძღვანელი განმარტავს, რომ თანხა მას შემდეგ გაიცემა, რაც სახელმწიფო ნაკისრ ყველა ვალდებულებას შეასრულებს, რადგან მენეჯმენტის განმარტებით, ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ ხელშეკრულების შენარჩუნება საკმარისი არ არის. ამერიკული ნავთობ მომპოვებელი კომპანია საქართველოს მთავრობისგან რამდენიმე ათეული მილიონის გადახდას მოითხოვს.
კომპანია "ფრონტერას" იმ თანამშრომლების ინტერესებს, რომლებიც თვეებია ხელფასს ელოდებიან EMC იცავს. არასამთავრობო ორგანიზაციაში ჰყვებიან, რომ ერთ-ერთმა დაზარალებულმა მძიმე ფინანსური პრობლემების გამო რამდენიმე დღის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. EMC მოითხოვს, რომ "ფრონტერამ" 90-მდე თანამშრომლის მიმართ არსებული დავალიანება დაუყოვნებლივ უნდა დაფაროს.
ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ საარბიტრაჟო დავის მოგების მიუხედავად "ფრონტერა" ქვეყანაში დარჩა აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა ექსპერტებში. სპეციალისტები თვლიან, რომ ქვეყნის საინვესტიციო იმიჯი უკვე დაზიანდა, თუმცა ის, რომ ამერიკულ კომპანიას საქართველოში ოპერირების შესაძლებლობა ისევ აქვს - კარგია.
საქართველოს მთავრობის შეთავაზებას მიესალმება კელი დეგნანიც. შეერთებული შტატების ელჩი თვლის, რომ გადაწყვეტილება საერთაშორისო ბიზნესისთვის კარგი ნიშანია.
რატომ წავიდა სახელმწიფო "ფრონტერასთან" კომპრომისზე - განმარტებები ამ საკითხზე დღეს პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა. გიორგი გახარია გადაწყვეტილების რამდენიმე მიზეზს ასახელებს, ერთ-ერთი შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობაა.
პრემიერს არ ეთანხმება ოპოზიცია. "ფრონტერა" და ხელისუფლების კომპრომისი მეორე დღეა პოლიტიკური ბრალდებების მიზეზია. გადაწყვეტილებას, რომ ამერიკული ნავთობ კომპანია საქართველოში დარჩება, ოპოზიცია არათანმიმდევრულად და დაგვიანებულად მიიჩნევს.
გაზისა და ნავთობის მომპოვებელი ამერიკული კომპანია, რომელიც საქართველოში 1997 წელს შემოვიდა, საძიებო სამუშაოების გაგრძელების უფლება მიეცა, თუმცა ტერიტორიის მხოლოდ ერთ პროცენტზე. დარჩენილი 99% ამერიკულ ნავთობ კომპანიას საარბიტრაჟო სასამართლოში უკვე წაგებული აქვს.