აშშ-ს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის 2021 წლის კანონპროექტის საკუთარი ვერსია კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის შემდეგ ახლა უკვე სენატმაც დაამტკიცა. დოკუმენტი საქართველოს უსაფრთხოებისა და ინტერესების მხარდაჭერის მიმართ მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს. პროექტის თანახმად, აშშ-მა უნდა განაგრძოს NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერა.
სენატი ხაზს უსვამს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით საქართველოს განსაკუთრებულ როლს გამოყოფს. რუსეთი კი კვლავ აშშ-ს სტრატეგიულ კონკურენტად განიხილება და მისი შეკავების კონტექსტში, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტს ევალება შავი ზღვის რეგიონში გააძლიეროს ფოკუსი და გაზარდოს NATO-სა და სხვა მრავალმხრივი წვრთნების სიხშირე და მასშტაბი, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით.
დოკუმენტი, რომელიც ერთი შეხედვით, პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად, საერთო ეროვნულ ინტერესს უნდა ატარებდეს, საქართველოში პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზად კიდევ ერთხელ იქცა. საუბარია სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმ რიშის მიერ ინიცირებულ ცვლილებებზე, რომელიც ავტორიზაციის პროექტის თავდაპირველ ვერსიაში შესწორებების სახით იყო წარდგენილი და აღწერილობით ნაწილში, საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით ნახსენები იყო 8 მარტის შეთანხმება და პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლა. რიშის შესწორებები საბოლოო ვერსიაში არ აისახა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამერიკის მხრიდან საკადრის პასუხს ჯერ კიდევ ელოდებიან. პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ სენატორ რიშის შესწორებები სენატს ჯერ კიდევ არ განუხილავს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ავტორიზაციის აქტის მიღებით სენატმა საქართველოს ხელისუფლებას წინასაარჩევნო შანსი მისცა.
ოპონენტები საქართველოს მთავრობის წევრებს ურჩევენ, წინასწარი განცხადებებისგან თავი შეიკავონ, რადგან დაფინანსებაზე ასიგნებათა კომიტეტის გადაწყვეტილება და საქართველოზე მაიკ პომპეოს მოხსენება ჯერ კიდევ წინ არის.
მმართველი გუნდი კი ოპოზიციას ურჩევს, შეწყვიტოს სპეკულაციები, ფოკუსირდნენ ეროვნულ ინტერესებზე და კარგად წაიკითხონ დოკუმენტი.
იყო ბევრი კრიტიკული მოსაზრება ოპოზიციის მხრიდან. დღეს უკვე მიღებულ დოკუმენტში ნებისმიერს შეუძლია ნახოს, რომ იქ მხარდაჭერაა გამოხატული ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, რასაკვირველია, საქართველო აგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას, აგრძელებს პროგრესის კიდევ უფრო მეტ კონსოლიდაციას ჩვენი ნომერ პირველ პარტნიორის აშშ-ის მხარდაჭერით. დღეს ყველას შეუძლია მიღებული დოკუმენტი წაიკითხოს, სადაც საქართველოს მიმართ მხარდაჭერა ყველა წინაპირობის გარეშე გამოხატულია.
იყო მცდელობა ოპოზიციის მხრიდან, რომ ლობისტების გამოყენებით ქვეყნისთვის არასახარბიელო ჩანაწერები გაჩენილიყო და მადლობა სენატორს რიშს, დამტკიცდა ის ვერსია, რომელიც არის ყველაზე მაღალი დონის მხარდამჭერი.
საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები, რომ საყურადღებოა, ამას ხაზს უსვამს საქართველოში ამერიკის ელჩიც. კელი დეგნანი იმ პოზიტიურ გზავნილებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც კანონპროექტში ჩაიწერა.
კონგრესის ორივე პალატის მიერ კანონპროექტის საკუთარი ვერსიების შეჯერების შემდგომ დოკუმენტი ხელმოსაწერად აშშ-ს პრეზიდენტს გადაეგზავნება, რის შემდეგაც ის კანონის სახეს მიიღებს.