"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ქვეყანაში არსებულ სიღარიბეზე საუბრობს.
წამყვანის კითხვაზე - არის თუ არა 41 ნომერი იმ ადამიანებისთვის წარმატების სიმბოლო, რომლებიც დღეს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობენ, კობახიძე ამბობს, რომ ამ მხრივ "ქართულ ოცნებას“ წინა ხელისუფლებასთან შედარებით, დადებითი შედეგი აქვს.
კობახიძე ამბობს, რომ წინა ხელისუფლებამ ქვეყანაში სიღარიბის შემცირება 9 წლიანი მმართველობის პერიოდში 4%-ით შეძლო, "ქართული ოცნების“ პირობებში კი, პროგრესი ამ მხრივ გაცილებით დიდია.
"როდესაც წინა ხელისუფლება მოვიდა მმართველობის სათავეში, 2004 წელს, მაშინ სიღარიბის მაჩვენებელი იყო 34%. ბუნებრივია, არავის არ ჰქონდა მოლოდინი, რომ ეს მაჩვენებლები 9 წელიწადნახევარში ნულამდე დავიდოდა, ეს იყო შეუძლებელი. მაგრამ ბუნებრივია, რაღაც მოლოდინი არსებობდა. 34%-დან ისინი ჩამოვიდნენ 30%-მდე. 4%-ით შეამცირეს სიღარიბე 9 წლის მმართველობის განმავლობაში. შესაბამისად, მათ მემკვიდრეობით დაგვიტოვეს მილიონ 150 ათასი ადამიანი, რომელიც იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა.
ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მილიონ 150 ათასიდან ჩამოვედით თუ არ ვცდები, 730 ათას მაჩვენებლამდე. პროცენტებში, 2019 წლის მაჩვენებლით, ეს არის 18.5%,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დღეს სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანებისთვის, ბევრი სოციალური პროგრამაა დანერგილი, რომელიც მათ ყოფას ამსუბუქებს.
"ყველა შემთხვევაში, თუნდაც იმ პირთა მიმართ, რომლებიც დღესაც ცხოვრობენ სიღარიბის ზღვარს მიღმა, მათი დიდი ნაწილისთვის მოქმედებს სპეციალური პროგრამები. ეს არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. მაშინ, გარდა იმისა, რომ სიღარიბის მაჩვენებელი ნაცმოძრაობის დროს იყო 30%, ამას გარდა არ მოქმედებდა ეფექტური პროგრამები, რომელიც შეამსუბუქებდა მათ სოციალურ მდგომარეობას. ეს მდგომარეობა შეიცვალა, არის სხვადასხვა მიმართულებით კონკრეტული პროგრამები, მოიხსნა სრულად გადასახადი საბავშვო ბაღებში და ა.შ. სოციალური მიმართულებით, 2012 წლიდან, სოციალური ბიუჯეტი არის გაორმაგებული და კიდევ უფრო მეტად გაზრდილი, რაც თანდათანობით ამსუბუქებს ამ ადამიანების მდგომარეობას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.