18 ნოემბერი 2024,   01:31
ვრცლად
რატომ მოხსნეს გიორგი კირიკაშვილი პრემიერის თანამდებობიდან - ირაკლი კობახიძის თქმით, გუნდის შენიშვნები ძირითადად ბანკებთან მიმართებით პოლიტიკას ეხებოდა

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი და "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე "ღამის კურიერის" ეთერში იმ გარემოებებზე საუბრობს, რამაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გათავისუფლება გამოიწვია.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუნდს ჰქონდა გარკვეული შენიშვნები საბანკო პოლიტიკასთან დაკავშირებით, თუმცა კონკრეტულად რა მიმართულებით, ამას ირაკლი კობახიძე არ აკონკრეტებს.

მისი თქმით, კვირიკაშვილის გათავისუფლებას წინ უძღოდა "იუნისეფის" მიერ გამოქვეყნებული დასკვნიდან გამომდინარე დისკუსია. "იუნისეფის" დასკვნის მიხედვით, 2017 წელს საქართველოში ყოველი მე-5 ბავშვი შიმშილობდა.

"არასწორია, რეალობა სხვა არის. იყო იქ კონკრეტული შენიშვნები, რომლებიც ჰქონდა გუნდს პოლიტიკის კონკრეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით და აქ ძირითადად საქმე ეხებოდა ბანკებთან მიმართებით პოლიტიკას. ამას წინ უძღვოდა გარკვეული პროცესები და ერთ-ერთი იყო ეს საკითხი.

რაც შეეხება სიღარიბის მაჩვენებელს და კონკრეტულად ბავშვთა შორის სიღარიბეს, აქ რეალურად უკეთესი მაჩვენებელი არის ერთი და მეორე მიმართულებით. ანუ ჩვენ გვინდოდა მეტი ეფექტურობა ბანკებთან მიმართებით, როდესაც პოლიტიკის ამ მიმართულებას ეხებოდა საქმე.

გიორგი კვირიკაშვილის გათავისუფლებას წინ უძღვოდა არსებითად დისკუსია ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს იყო "იუნისეფის" დასკვნიდან გამომდინარე დისკუსია, რომელიც ამტკიცებდა იმას, რომ საბანკო პოლიტიკის კუთხით რაღაცები იყო შესაცვლელი და გამოსასწორებელი, მაგრამ რაც შეეხება მთლიანობაში ტენდენციას, ტენდენცია 2019 წლიდან, ანუ ხელისუფლების ცვლილებიდან მოყოლებული, ბავშვთა შორის სიღარიბის კუთხითაც არის მთლიანობაში პოზიტიური. აქაც ხომ ვამბობთ, რომ 30% ჩამოვიდა 19,5%-მდე?! ბავშვთა შორისაც კლება არის ამის იდენტური, ანუ იგივე პროპორციით მოხდა სიღარიბის კლება ბავშვთა შორისაც. ეს არის არა საქსტატი და არა სხვა ქართული სტატისტიკა, ეს არის მსოფლიო ბანკის მონაცემები. ჩვენ გვინდოდა მეტი და კონკრეტულად საბანკო პოლიტიკას ეხებოდა ეს საქმე და შესაბამისად აქაც ცვლილებები განხორციელდა და მამუკა ბახტაძის ინიციატივები იყო ამ სფეროში, მაგრამ რაც შეეხება მთლიანობაში ეფექტიანობის გაზომვას, 2012 წლიდან მოყოლებული ამ სფეროშიც გვაქვს ფუნდამენტური წინსვლა, რაც დასტურდება მსოფლიო ბანკის მონაცემებით.-განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს შიდა სამზარეულოა და დეტალებში შესვლა არ სურს. 

"მე მგონი იქ არის ჩვენი შიდა სამზარეულო და აქ დეტალებში შესვლა მე მგონი დღეს აღარ ღირს, მით უმეტეს, რომ დიდი დრო არის იმ მომენტიდან გასული. როდესაც შიგნით არის გარკვეული დისკუსიები, განხილვები, რასაც მოჰყვება შემდეგ გადაწყვეტილებები პარტიაში, ჯობია ეს რომ შიგნით დარჩეს და ყველა დეტალი ჩვენი შიდა სამზარეულოში ჯობია, რომ გარეთ არ გამოვიტანოთ სხვადასხვა მიზეზის გამო. დასამალიც არაფერი არ არის აქ, მაგრამ არ არის მიზანშეწონილი სხვადასხვა მიზეზის გამო. არც ერთ პარტიას თავისი შიდა სამზარეულო, როგორც ასეთი, ღიად საჯაროდ არ გამოაქვს. იყო გარკვეული ფაქტორები. რაც შეეხება საბანკო მიმართულებით პოლიტიკას, იქ რაღაცები იყო შესაცვლელი და ამის შემდეგ იცით, რომ მამუკა ბახტაძის პრემიერობის პირობებში, ბევრი რამ შეიცვალა საბანკო პოლიტიკის კუთხით," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები