რატომ არის "ქართული ოცნების" 30 კაციან მაჟორიტარობის კანდიდატთა სიაში მხოლოდ ერთი ქალი - ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ მაჟორიტარული არჩევნების დროს, ქალებს ნაკლები შანსი აქვთ სიაში მოხვედრის. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ამბობს, რომ მაჟორიტარული არჩევნები სპეციფიური საკითხია.
"ჩვენ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც აქედანვე შემოვიღეთ გენდერული კვოტები, არის ის, რომ მაჟორიტარული წესით ნაწილდება 30 მანდატი, შესაბამისად, კვოტების არსებობის პირობებში, ბუნებრივია, რისკი მეტი იყო იმისა, რომ ქალი კიდევ უფრო ნაკლები შემოვიდოდა პარლამენტში. ჩვენ ვიყავით გენდერული კვოტირების ინიციატორი, სწორედ იმის გამო, რომ მაქსიმალურად დაბალანსებული იყოს შემდეგი პარლამენტი. რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, ეს არის სპეციფიკური, გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტულ ოლქში არჩევ ერთ კანდიდატს და იქ ბუნებრივია, გენდერული ნიშნით კანდიდატის შერჩევა არის ძალიან რთული. უნდა ჩამოიწეროს რამდენიმე სავარაუდო კანდიდატი და საბოლოო ჯამში, ყველაზე მეტი რესურსის მქონეს ირჩევ კანდიდატად. პირდაპირ სახელმძღვანელოებში წერია, რომ სადაც ტარდება მაჟორიტარული არჩევნები, იქ არის ნაკლები შანსი იმისა, რომ მეტი ქალი შევიდეს.“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ირაკლი კობახიძე აქვე ამბობს, რომ შესაძლოა „ქართული ოცნებამ“ პარტიული სია სექტემბრის დასაწყისისთვის წარმოადგინოს.