18 ნოემბერი 2024,   01:27
ვრცლად
შერჩევის დროს გუნდში გენდერზე აქცენტი არ გაკეთებულა - ნინო ლაცაბიძე

რატომ ვერ მოიძებნა მეტი ქალი მაჟორიტარობის მსურველი "ქართულ ოცნებაში" – პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" რუსთავი-გარდაბანში ნინო ლაცაბიძე "ღამის კურიერში" აღნიშნავს, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შერჩევისას გენდერზე აქცენტი არ გაკეთებულა.

ნინო ლაცაბიძემ განმარტა, რომ რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მისი შერჩევის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო ის, რომ დაიბადა, გაიზარდა რუსთავში და კარგად იცის ის გამოწვევები, რაც შეიძლება დღეს რუსთავს ჰქონდეს.

"გულწრფელად რომ გითხრათ, რა თქმა უნდა მეც ვისურვებდი, რომ ყოფილიყო კიდევ უფრო მეტი ქალი მაჟორიტარობის კანდიდატი. თუმცა ბატონმა ირაკლი კობახიძემაც აღნიშნა და მეც უნდა ვთქვა, რომ შერჩევის დროს გუნდში გენდერი და ის, რომ ქალი იყო თუ მამაკაცი - ამაზე აქცენტი არ გაკეთებულა. იყო ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტები და ამ პრიორიტეტებს ენიჭებოდა უფრო მეტი ყურადღება, თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, რომ ძალიან მალე, როგორც ბატონმა ირაკლიმ დააანონსა, სექტემბერში გვექნება პროპორციული სია და იქ ჩვენ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ვნახავთ არა ერთ ძლიერ, წარმატებულ ქალბატონს და ეს არის სწორედ ჩვენი გუნდის წინ გადადგმული ნაბიჯი ქალთა გაძლიერების კუთხით.

ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და იქ ნამდვილად შემიძლიათ დაგარწმუნოთ, რომ ნამდვილად არ ყოფილა გენდერული ნიშანი ერთ-ერთი განმსაზღვრელი.

პირველ რიგში ალბათ ის, რომ ამ გუნდის წევრი ვარ, ვარ რუსთაველი, დავიბადე, გავიზარდე რუსთავში და ვცხოვრობდი რუსთავში წლების განმავლობაში, იქ მყავს ოჯახი და ალბათ ის, რომ კარგად ვიცი ის გამოწვევები, რაც შეიძლება დღეს რუსთავს ჰქონდეს და ალბათ სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი," - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

დღის ამბები