ამერიკის 2021 ფისკალური წლის კანონპროექტის დამტკიცებას ოპოზიციის ნაწილი დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. დოკუმენტს ხელისუფლების ოპონენტები განსხვავებულად კითხულობენ და აცხადებენ, რომ გზავნილები ვაშინგტონიდან კრიტიკულია.
"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს პრობლემებს, რომ არ ხედავდეს, რომელიც ქვეყანას მომავალში შეექნება, მსგავს გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.
"ამერიკის შეერთებული შტატები, რომ არ ხედავდეს მისი მეგობარი ქვეყნის, სტრატეგიული პარტნიორის საქართველოს, მომავალში პრობლემებს, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს არ მიიღებდა. ეს არის ის, რაც სამწუხაროდ თითოეულ ჩვენგანზე აისახება. ეს ნიშნავს რომ დამსხვრეული ოცნებების პარტიამ ბოლომდე გაწირა საქართველოს სახელმწიფო ინტერესები. მათ ჰქონდათ დრო ემუშავათ იმისთვის, რომ თავიდან აერიდებინათ წარმომადგენელთა პალატის ეს გადაწყვეტილება," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კანონპროექტის დამტკიცებას გამოეხმაურა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე.
"ნამდვილად უმძიმესი შეფასებაა საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებისა. საქართველოს უზარმაზარი ნაწილი მიუძღვნეს, სადაც ლაპარაკია პრობლემებზე, ეს არის კრახი ამ ხელისუფლების როგორც მინიმუმ ურთიერთობის ამერიკის შეერთებულ შტატებთან, აღარაფერს ვლაპარაკობ იმაზე, რომ ყველა ჩამოთვლილი პრობლემა სამწუხაროდ, რეალურად არსებობს და ნიშნავს შიდა პოლიტიკურ კრახსაც," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
საუბარია ამერიკის 2021 ფისკალური წლის კანონპროექტის დამტკიცებაზე, სადაც საქართველოს ფინანსურ დახმარებასა და გარკვეულ პირობებზეცაა საუბარი. საქართველო მომავალ წელს, დახმარების სახით, დაახლოებით 132 მილიონ დოლარს მიიღებს. აქვე ხაზგასმულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის გადაცემა, შესაძლოა, შეჩერდეს, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს ანგარიშს წარუდგენს.
ანგარიშში ასახულია, დგამს, თუ არა საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცვის კუთხით. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტი მნიშვნელოვან ჩანაწერებს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების თვალსაზრისით.