დავით ზურაბიშვილმა "რესპუბლიკური პარტია" დატოვა, ამის შესახებ მან "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.
ის ამბობს, რომ გადაწყვეტილება ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მიიღო.
"მივიღე გადაწყვეტილება, ჩამოვცილდე პრაქტიკულ პოლიტიკურ საქმიანობას და, შესაბამისად, დავტოვო "რესპუბლიკური პარტია". ჩემი გადაწყვეტილების შესახებ პარტიის ხელმძღვანელობა ინფორმირებულია და საქმის კურსშია.
აქვე აღვნიშნავ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე დაწვრილებით ლაპარაკს და ახსნა-განმარტებებს არ ვაპირებ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტში და ძალთა განლაგებაში ვერსად ვერ ვხედავ ჩემს თავს და ჩემს ადგილს,"- წერს ზურაბიშვილი.
მისივე თქმით, არ აპირებს სხვა პარტიებში გადასვლას, ან - ამ არჩევნებში კენჭისყრას.
"ამიერიდან მე წარმოვადგენ მხოლოდ ჩემს თავს და არავის სხვას. ვერ ვიტყვი, რომ პარტიაში რამე შეზღუდვა მქონდა სიტყვის თავისუფლების მხრივ, მაგრამ რა თავისუფალი ატმოსფეროც უნდა იყოს, პარტიის წევრობა მაინც გარკვეულ გუნდურ ვალდებულებებს გაკისრებს.
აქვე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩემი პოლიტიკური შეხედულებებით ვრჩები ოპოზიციონერად და ხელისუფლების ოპონენტად," - აღნიშნავს დავით ზურაბიშვილი.