"ახალი საქართველოს" ლიდერის, გიორგი ვაშაძისა და პარტია "კანონი და სამართალის" დამფუძნებლის, თაკო ჩარკვიანის კოალიციას "სტრატეგია აღმაშენებელი" ერქმევა. მათ კოალიცია "ძალა ერთობაშიას" დატოვების თაობაზე დღეს განაცხადეს.
"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევქმნათ ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომლის სახელწოდებაც იქნება "სტრატეგია აღმაშენებელი," რომელიც, ამ ეტაპზე, შედგება სამი სუბიექტისგან: "ახალი საქართველო," "კანონი და სამართალი და სტრატეგია აღმაშენებლის ის ექსპერტები, რომლებთან ერთადაც ჩვენ წარვუდგინეთ საზოგადოებას ქვეყნის განვითარების გეგმა. თეთრი ფერი - ეს არის სისუფთავის, სიწმინდის, პატიოსნების სიმბოლო, წითელი ფერი - ეს არის ბრძოლის სიმბოლო, გამოსახული ჯვრები - ეს არის ისტორიულად საქართველოს სიმბოლო და ზოგადად, ქრისტიანული საზოგადოების სიმბოლო. სტრატეგია არის ის, რაც სჭირდება დღეს საქართველოს აღმშენებლობა კი არის ის იდეა, რომელიც დაამარცხებს დამსხვრეული ოცნებების პარტიას,"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაკო ჩარკვიანი "ძალა ერთობაშიასთან" დაპირისპირებას უარყოფს.
"რომ ყოფილიყო უთანხმოება, მაშინ "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენლები ღია ეთერში ჩემს კანდიდატურას მხარს არ დაუჭერდნენ საბურთალოს რაიონში - რა ქმნას მეტი იმ ხალხმა. რაც შეეხება საპრემიერო კანდიდატს - დიდი პარტიაა, შეიძლება იმ პარტიას თავისი სურვილები ჰქონდა. იქაც ვიცი, "ნაციონალურ მოძრაობაში," რომ ვაშაძის მიმართ ძალიან დიდი სიმპატია აქვს ძალიან ბევრს. არ არის ახლა იმის დრო, რომ ჩვენ პარტნიორები ერთმანეთთან პოლემიკის რეჟიმში დავდგეთ. ვნახეთ ჩვენი კვლევებით, რომ ძალიან დიდი მოლოდინია ამ სიახლისთვის. მხოლოდ ამან განაპირობა - არაფერმა სხვამ. ეს არაა დაშლაზე ორიენტირებული,"-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.