18 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
ვთვლი, რომ გიორგი ვაშაძის მიერ წამოყენებული ე.წ. წარმატების ფორმულა მცდარია - "ძალა ერთობაშიაში" ჩარკვიანის და ვაშაძის გადაწყვეტილება შეაფასეს

კოალიცია "ძალა ერთობაშიას" წევრებმა გიორგი ვაშაძისა და თაკო ჩარკვიანის გადაწყვეტილება კოალიციის დატოვების თაობაზე სტრატეგიულ შეცდომად შეაფასეს.

მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მაჭუტაძე მიიჩნევს, რომ წარმატების ფორმულა დიდ საარჩევნო ბლოკშია.

"რას მისცემს ეს თავად ბატონ გიორგის და მის პოლიტიკურ ბლოკს, წინასწარ არ ვიცი, თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ხმების აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც ჩვენ მივიღეთ საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ განმეორდება. შედეგს ჩვენ არამხოლოდ გავიმეორებთ, არამედ გავაუმჯობესებთ კიდევაც. პირადად მე, ნიკა მაჭუტაძე და ჩვენი ბლოკის სხვა წევრები, აბსოლუტურ უმრავლესობასთან მქონდა საუბარი, ყველა ფიქრობს კვლავ ისე, რომ გამარჯვების ფორმულა არის დიდ საარჩევნო ბლოკსა და კოალიციაში. მე ვთვლი, რომ მის მიერ წამოყენებული ე.წ. წარმატების ფორმულა არის მცდარი. იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ რა არის გამარჯვების ფორმულა არა მხოლოდ 2 წლის წინ, არამედ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში,"-განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

კოალიციის კიდევ ერთი წევრი მამუკა გამყრელიძე პოლიტიკოსების წასვლის მიუხედავად დარწმუნებულია, რომ  არჩევნებში "ზალა ერთობაშია" ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. მისივე ინფორმაციით, გიორგი ვაშაძესა და თაკო ჩარკვიანს გარკვეული უთანხმოება "ნაციონალურ მოძრაობასთან" ჰქონდათ. 

"ჩვენთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია, იმ შემადგენლობასთან, ვინც არის ამ გაერთიანებაში, თუ რამე პრობლემა იყო "ნაციონალურ მოძრაობასთან" ვერ გეტყვით, რაღაც მოლაპარაკებები ჰქონდათ ერთმანეთში და შეიძლება რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ. რა თქმა უნდა, ვწუხვარ, რადგან ნებისმიერი დანაკლისი გაერთიანებიდან დანაკლისია, მაგრამ ეს დანაკლისი არ არის არაანაზღაურებადი. ჩვენ ველოდებით დამატებას სხვა პოლიტიკური სუბიექტების. ვინც დავრჩით, ვინარჩუნებთ ერთიანობას და სრულიად დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ ყველაზე მეტ ხმას მოვაგროვებთ,"-განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და პარტია "კანონი და სამართალის" დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა კოალიცია "ძალა ერთობაშია" დატოვეს. მათ ახალი კოალიცია "სტრატეგია აღმაშენებელი" დააარსეს. 

დღის ამბები